სიახლეები

ოთხი გავიდა, ორი გავარდა

გაუზიარე

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსმა ისეთმა კლუბმა ითამაშა, რომელთა ღირსებასაც ქართველები იცავენ. მათგან პლეი ოფში გასვლა მხოლოდ ორმა შეძლო, ოთხი კი გათამაშებას გამოეთიშა.

გავარდა შოთა არველაძისა და გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილი ტრაბზონსფორი. შავიზღვისპირელებს მაკედონიაში იქაურ რაბოტნიჩკისთან 0:1 ჰქონდათ წაგებული, შინ არველაძის გუნდმა ძირითად დროში ასეთივე ანგარიშით მოიგო და დამატებით დრო დაინიშნა. მაკედონიელებმა 112-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ამის შემდეგ კი აღარაფერი შეცვლილა – 1:1 და ტრაბზონი ევროპის ლიგას გამოეთიშა. 65-ე წუთიდან რაბოტნიჩკი ათი კაცით თამაშობდა... 

ცნობისთვის, ტრაბზონის კარს ონურ ქივრაქი იცავდა, მეკარე, რომელმაც გუნდი ჯერ სკანდალურად დატოვა, მერე კი უკან დაბრუნდა და... გუშინდელი გოლი ტრაბზონელთა კარში მის სინდისზეა _ ქივრაქი უხეშად შეცდა.

პლეი ოფის საგზური ვერც ბაქოს ინტერმა მოიპოვა, რომელსაც ზაურ სვანაძე წვრთნის. ბილბაოში წაგებული 0:2-ის შემდეგ ინტერი შინ ბევრს ეცადა სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებას, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა და ბაქოელები 0:0-ს დასჯერდნენ. მასპინძელთა რიგებში ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ლომაია კი თადარიგში იყო.

საერთოდ უშანსოდ იყო არნემის ვიტესი როგორც გასვლით, ასევე საშინაო დაპირისპირებაში. ინგლისურმა საუთჰემპტონმა ჰოლანდიელები ჯერ შინ გაანადგურა (3:0), არნემში კი 2:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე დაუბრკოლებლად გავიდა. ვიტესის შემადგენლობაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს.

ვიტესისგან განსხვავებით, თანაბარ ბრძოლაში გავარდა უჩა ლობჟანიძის ომონია, რომელმაც პირველ ეტაპზე ბათუმის დინამოს აჯობა. დანიაში ბრონდბიუსთან კვიპროსელებმა 0:0 ითამაშეს, საკუთარ მოედანზე კი 2:2 და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით პლეი ოფში სკანდინავიელები გავიდნენ.

ეს ნეგატივი, ხოლო რაც შეეხება კარგ ამბებს:

პლეი ოფშია ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს. ავსტრიული შტურმის სტუმრად 3:2 დამარცხების შემდეგ ყაზანელებმა შინ სასურველ შედეგს (1:1) მიაღწიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრების მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს ლუგანსკის ზორიას. უკრაინელებმა ბელგიურ შარლერუას ორი მატჩის ჯამში მეტად სოლიდურად, 5:0 აჯობეს. უკრაინაში ზორიამ 3:0 გაიმარჯვა, რაშიც ჯაბა ლიპარტიას წვლილი არ შეუტანია – სათადარიგო იყო.

დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფების წილისყრაა. იმედია, ქართველი ლეგიონერების გუნდებს ხელსაყრელი მეტოქეები შეხვდებათ და წინსვლას განაგრძობენ. 

ლევან ჯანეზაშვილი