სიახლეები

ნიკა კვეკვესკირი: ბილბაო? ჩემთვის საფეხბურთო ზეიმი იქნება

გაუზიარე

დღეს ბაქოს ინტერს მძიმე, მაგრამ საინტერესო მატჩი ელის: ზაურ სვანაძის გაწვრთნილები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ ბილბაოს ხვდებიან. დღეს ბილბაოს `სან-მამესზეა~ თამაში, ერთ კვირაში კი – ბაქოში. როგორც იცით, ინტერში ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა კასრაძე და გიორგი ლომაია თამაშობენ. პირველ და მეორე ეტაპზე განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კვეკვესკირმა, რომელმაც ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. 23 წლის ნახევარმცველი წლეულს გორის დილაში გახდა საქართველოს ჩემპიონი და ინტერსაც კარგად შეეწყო. 

კვეკვესკირს ბილბაოში დავუკავშირდით და ჯერ გუნდის საერთო განწყობაზე ვკითხეთ: 

კვეკვესკირი: ზაურ სვანაძისგან დადებითი მუხტი მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი მატჩების წინ. სამწვრთნელო შტაბში არ იგრძნობა, რომ ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებით, ანუ უიმედოობა ჩვენგან შორსაა. პირიქით, ზაურ სვანაძე გვთხოვს, რომ ყველანაირი შიში და რიდი გვერდზე გადავდოთ, ვითამშოთ გაბედულად და ყველას დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია. 

რიგით გუნდს არ ხვდებით. ბილბაო დიდი ისტორიის მქონე კლუბია. რა ემოციები გაქვს თამაშის წინ?

ჩემი აზრით, პრიმერა დივიზიონი მსოფლიოში უძლიერესი ლიგაა და ამას შედეგებიც ადასტურებს. მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. ბილბაო ესპანეთშიც ერთ-ერთი გამორჩეულია თამაშის სტილითა და ფილოსოფიით, ამიტომაც საინტერესო იქნება მათთან ძალების მოსინჯვა. ჩემთვის ბილბაოსთან თამში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია, რომელშიც იმედია, ინტერიც საუკეთესო კუთხით გამოიჩენს თავს. 

ბილბაოში რაიმე აჟიოტაჟი შეიმჩნევა თამშის გარშემო?

სიმართლე ვთქვა, აჟიოტაჟი არ შემიმჩნევია, მაგრამ ამბობენ, რომ სტადიონი სავარაუდოდ გაივსება. ეს იმიტომ, რომ ბილბაოსთვის სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. ბილბაო, როგორც ყველა ესპანური კლუბი, ევროპის ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. 

მოკლე ხანში მოახერხე გუნდთან შეწყობა, არადა ინტერი შენთვის პირველი უცხოური გუნდია... 

ვერ ვიტყვი, რომ ადაპტაციის პროცესი ბოლომდე დასრულებულია. ჯერ ერთი, ნორმალური შეკრება არ გაგვივლია, ისე გავედით ევროპის ლიგაზე და ისე გავიარეთ ჯერ პირველი, მერე მეორე ეტაპი. უბრალოდ, კარგად ვიცნობ ზაურ სვანაძეს, ვიცი მისი მოთხოვნები და შედარებით გამიადვილდა გუნდთან შეწყობა. ამას დაერთო ჩემი პირველი შედეგიანი თამაშიც, რამაც თავდაჯერება შემმატა. იმედია, კიდევ უფრო მოვუმატებ მეც და გუნდიც. 

ილია ნანობაშვილი