სიახლეები

ჩიხურა გვიან იწყებს, მაგრამ თავის შერცხვენას არ აპირებს

გაუზიარე

ბოლო წლებში საჩხერის ჩიხურა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი იყო დაფინანსების მხრივ და შედეგად საჩხერელებმა ორი წლის განმავლობაში ზედიზედ ითამაშეს თასის ფინალში, ერთხელ კი სუპერთასიც მოიგეს. ამასთან, ჩიხურამ ორ სეზონში ევროტურნირებსაც გაუსინჯა გემო, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და მაშინ, როდესაც უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გადის, ჩიხურა კარგა ხანს იყო უქმად და სამზადისს ძალიან გვიან, დღეს იწყებს:

„გუნდი შეკრებას 30 ივლისს დაიწყებს და ჩემპიონატისთვის საჩხერეში მოვემზადებით. კარგად გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ სასწაული უნდა მოვახდინოთ და ჩიხურა ჩემპიონატის სტარტს შეძლებისდაგვარად მზადყოფნაში უნდა შეხვდეს. ვიცით, რომ ამ სეზონში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება და, ალბათ, სულ სხვა მიზნები გვექნება, მაგრამ, მოდი, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ და დაველოდოთ სეზონის დაწყებას _ ყველაფერი მაშინ უფრო უკეთ გამოჩნდება. სამწუხაროდ, ისეთი დაფინანსება აღარ გვექნება, როგორიც წინა სეზონში და ჩვენი ბიუჯეტის ზუსტი ოდენობაც არ ვიცი, მაგრამ რისი საშუალებაც გვექნება, იქიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ გეგმები. ჩიხურა თავს არ შეირცხვენს.“ _ გვითხრა ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

ჩიხურაში შემადგენლობის მხრივაც სერიოზული ცვლილებებია. წინა სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრების უმრავლესობა გუნდში აღარ ირიცხება. ახალი მოთამაშეები კი გუნდთან ერთად დღეს დაიწყებენ მზადებას, კლუბის სრულად დაკომპლექტება კი ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდება. ახლა კი ჩიხურაში არიან ზესტაფონის მეკარე დავით კუპატაძე, ბოლნისის სიონიდან მოსული შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე, ვიტ ჯორჯიას ყოფილი ნახევარმცველი გიორგი გურეშიძე და გასულ სეზონში რუსთავის მეტალურგის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჯოხაძე. ორი აზრი არაა, ეს ფეხბურთელები ჩიხურას სერიოზულ სამსახურს გაუწევენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ რესურსით საჩხერელებს ძალიან გაუჭირდებათ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრება.  

პაატა ძნელაძე