სიახლეები

U19: ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები 12 ივლისს გაირკვევა

სფფ
გაუზიარე

11 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში” უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს. 

ელიო სოუზა - პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთვარი მწვრთნელი: „ჩვენ ისეთ ჯგუფში ვასპარეზობდით, რომელიც ხალხის აზრით შედარებით სუსტი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ასე არაა - „ა“ ჯგუფში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ისინი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ და მაღალ დონეზე თამაშობდნენ. ეს ფაქტორები ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარა პროგრესში და ვფიქრობ, რომ თითოეულ მატჩში უკეთესს თამაშს ვაჩვენებდით. პირველი შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ კარგი იყო. მეორე შეხვედრა კიდევ უფრო უკეთესი, მესამე მატჩში კი ჩვენ განვითარება განვაგრძეთ. რაც მთავარია, ჯგუფიდან გავედით და ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ფეხბურთელებს კარგი შანსი აქვთ, დიდ წარმატებას მიაღწიონ.

ჰოლანდიასთან თამაში განსაკუთრებული მომენტია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის. იმიტომ, რომ ის ძლიერი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. ორივე გუნდს განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰოლანდია ძლიერი გუნდია და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესები ვიდრე აქამდე. შევეცდებით, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა და ფინალში ვითამაშოთ. 

ბრუნო პაში - პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „წინ სანახაობრივი მატჩი გველის. ჰოლანდიას ძლიერი ნაკრები ყავს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა. ხვალ რთულ თამაშს ველით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.” 

მარტენ სტეკელენბურგი ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, ინგლისთან, გერმანიასთან და ბულგარეთთან ერთად. ყველა მატჩი რთული იყო, მაგრამ გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ. გერმანიასთან გამარჯვებით ჯგუფური ეტაპი კარგად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდი კარგ ფორმაშია, მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს ჯოელ პიროს სახით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ბომბარდირმა ინგლისთან მატჩში მიიღო ტრავმა და ის სათამაშოდ ჯერ მზად არაა, თუმცა მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. პორტუგალია, რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, მან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენ კარგად შევისწავლეთ მეტოქე და ვფიქრობ, შეხვედრას მომზადებული ვხვდებით. 

ჯასტინ ბაილოუ ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „მოხარული ვარ ნახევარფინალში გასვლით. წინ რთული მატჩი გველის, ძლიერ მეტოქესთან. ვფიქრობ, რომ ინგლისთან მარცხის მიუხედავად ჯგუფური ეტაპი კარგად ჩავატარეთ. ახლა კი, ფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ. გუნდში კარგი განწობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კიტ დაუნინგი ინგლისის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას და ორგანიზატორებს. ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ტარდება. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჯგუფურზე ეტაპზე ნაჩვენები შედეგითა და თამაშით. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ყველა მოთამაშეს უდიდესი როლი აკისრია. ეს საკმაოდ რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ჩვენი სამივე შეხვედრა მოვიგეთ და ნახევარფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩეხეთს ძლიერი გუნდი ყავს, მე ვუყურე მათ ბოლო შეხვედრას საქართველოს წინააღმდეგ და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ ძალიან ღირსეულად დაძლიეს ეს ბარიერი. აქედან გამომდინარე რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვემზადებით.”

ჯეი დასილვა ინგლისის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „ჩვენთვის ძალიან კარგი ტურნირია. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ოჯახი, გულშემატკივარი და ქვეყანა გავახაროთ. გუნდი კარგ ფორმაშია, კარგ შედეგს აჩვენებს, ჩვენი მიზანია, რომ ასე გავაგრძელოთ და ვნახოთ რას შევძლებთ.“ 

იან სუხოპარეკი ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენთვის დიდი პატივია ნახევარფინალში ყოფნა. ჩვენ წინ გველის თამაში ინგლისთან, რომელიც ფეხბურთის სამშობლოა. მათ დიდ პატივს ვცემთ, ინგლისმა ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ინგლისელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ამასთანავე მათ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ასეთი დონის გუნდთან თამაში დიდი გამოცდილება იქნება.”

ონჟეი შაშინკა ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „უპირველესად, მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ნახევარფინალში ყოფნა და იმედი გვაქვს, რომ ფინალშიც ვითამაშებთ.”

ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. პირველი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „ა” ჯგუფის გამარჯვებული პორტუგალია „ბ” ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე ფინალისტი, ასევე ოთხშაბათს გამოვლინდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბ” ჯგუფის ლიდერი, ინგლისის ნაკრები „ა” ჯგუფის მეორეადგილოსან ჩეხეთს შეხვდება