სიახლეები

U19 - ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

გაუზიარე
9 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა.

თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ინგლისელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით ბრერეტონი და სესენიონი გამოირჩნენ. გერმანელთა მხრიდან კი, ერთადერთი გოლის ავტორი ვარშევსკი გახდა. ამ გამარჯვებით ინგლისმა 9 ქულა დააგროვა და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

დღის მეორე შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ჰოლანდიისა და ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 50-ე წუთზე ჰოლანდიელებმა გახსნეს, როდნი კონგოლომ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. ბულგარელებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მალევე მოახერხეს. 55-ე წუთზე გეორგი რუსევმა თავური დარტყმით შეაგდო. სამ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულით ჰოლანდია „ბ“ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ბულგარეთმა კი, ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა და გათამაშებას გამოეთიშა.

ევრო 2017-ზე ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 12 ივლისს გაიმართება. ინგლისი ჩეხეთს დაუპირისპირდება, ჰოლანდია კი, პორტუგალიას. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 15 ივლისს შედგება.