8 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ზე მესამე მატჩი ჩაატარა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრები გახლდათ.
მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ჩეხეთის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. კუთხურის შემდეგ ჩვენს საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა შაშინკამ თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარი ქართველი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო. მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. საბოლოოდ კვლავ ჩეხებმა გაიტანეს, 70-ე წუთზე შედეგიანი დარტყმის ავტორი ლიბორ ჰოლიკი გახდა. დარჩენილ დროში გუნდებს კიდევ რამდენიმე რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, გიორგი ყიფიანის გუნდმა სამი ქულით „ა“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად პორტუგალიელებმა შვიდი ქულა დააგროვეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ. შვედებმა კი, სამ ჩატარებულ შეხვედრაში პირველი ქულა მოიპოვეს და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.
ნახევარფინალურ ეტაპზე გუნდები 9 ივლისს გასამართი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების შემდეგ დაწყვილდებიან. თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები შეხვდებიან. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჰოლანდია ბულგარეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ „ბ“ ჯგუფიდან გასვლის შანსს ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს. ამ დროისთვის ინგლისი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ჰოლანდიას და გერმანიას 3-3 ქულა აქვთ. ბულგარეთი კი ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ჩეხეთი U19 2:0 საქართველო U19
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ჩეხეთი U19: იედლიჩკა, ჩალუსი, ჰოლიკი (90’ ფრანტიშეკი), მარეჩეკი, ტიშლერი, ტურინა (81’ გრაიციარი), სადილეკი, შაშინკა, კრალი, ჰრაველკა, ჩვეია (67’ გრანეჩნი)
სათადარიგო შემადგენლობა: პლაჩი, ლინგრი, ნოვოტნი, ჰლავატი
მთავარი მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
საქართველო U19: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე (84’ ჩოგაძე), სამურკასოვი (67’ არველაძე), ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი (74’ საღრიშვილი), არაბიძე, ლაკხველიანი
სათადარიგო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, კახიძე, ხუბაშვილი, კვანტალიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
მსაჯები: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია), გრემ სტიუარდი (შოტლანდია), ტიბო ნიისენი (ბელგია), დავიდე მასა (იტალია)
გაფრთხილება: 55’ ჩვეია, 61’ ბურჯანაძე
გოლები: 1:0 შაშინკა (45), 2:0 ჰოლიკი (70)
პორტუგალია U19 2:2 შვედეთი U19
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
პორტუგალია U19: ლეიტე ფიგეირა, დიოგო ლეიტე, კონტე (61’ დალოტი), ჟედსონ ფერნანდეში (73’ კინა), კეტა, პასი, მესაკე (72’ ჟოაო ფილიპე), ფლორენტინო, კეიროში, მიგელ ლუისი, ლეაო
სათადარიგო შემადგენლობა: დიოგო კოშტა, დ. კეიროში, პირესი, რუი პედრო
მთავარი მწვრთნელი: ელიო სოუსა
შვედეთი U19: ვ. იოჰანსონი, ანდერსონი, აჰმედჰოჯიჩი (34’ კოლეი), კრალი, იშერვუდი, სვენსონი (61’ კარლსონი), კესაი, ჯაჯიჩი, ადრიანი, გიოკერესი, ლიდბერგი (82’ ბერგქვისტი)
სათადარიგო შემადგენლობა: მ. იოჰანსონი, ვებერგი, კ. იოჰანსონი, საბოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: კლას ერიკსონი
მსაჯები: ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია), იური ხომჩენკო (ბელარუსი), იგორ ალოხინი (უკრაინა), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)
გაფრთხილება: 31’ ჟედსონ ფერნანდეში, 66’ მ. ანდერსონი
გოლები: 0:1 გიოკერესი (43), 0:2 კარლსონი (61), 1:2 ლეაო (70), 2:2 ფილიპე (87)
გაუზიარე