19-წლამდელთა 2017 წლისევროჩემპიონატის საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვებით ოთხ ქალაქში: თბილისში ორი, გორში, მცხეთაში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ხუთი ევროსტადიონი გვექნება. რამდენიმე ახალი, უეფას მოთხოვნების შესაბამისი საფეხბურთო კერა, პირდაპირ, მაგრამ გადაუჭარბებლად თუ ვიტყვით, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის დიდი საქმეა. უეფას სტანდარტების სტადიონი მხოლოდ მოედანი და ტრიბუნები არ არის. უფრო ნათელი და გასაგები რომ იყოს, განვმარტოთ, რომ ეს სტანდარტები გულისხმობს არენასთან მისასვლელ გზას, საკუთრივ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას საკმაოდ მასშტაბური პერიმეტრით, უმაღლესი ხარისხის განათებას, დრენაჟის თანამედროვე სისტემით აღჭურვილ მინდვრის იდეალურ საფარს, ინდივიდუალური სკამებით გაწყობილ ტრიბუნებს, კომფორტულ გასახდელებსა და სამსაჯო ოთახებს, მედია-ცენტრს, პარკინგსა და დამხმარე სათავსოებს, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ვიპ-ლოჟას და მრავალ სხვა მსხვილმან-წვრილმანს.


კარგი ცხოვრებისგან არაა, რომ ბაზები და სტადიონები, ზოგადად,ინფრასტრუქტურული პროექტები, კარგა ხანია, ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო, გადაუდებელი აუცილებლობაა. კარგია,რაც ამ მხრივ ბოლო წლებში უკვე გაკეთდადა კიდევ უფრო მეტი ახლაკეთდება. ბასას კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რუსთავში კი უსწრაფესად შენდება ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის შესანიშნავი ბაზა, სადაც ჩვენს მოზარდებსა და ჭაბუკებს წლეულსვე, შემოდგომიდან, მართლაც სრულყოფილად მომზადების პირობები ექნებათ, არანაკლები, ვიდრე მათ ესპანელ თუ იტალიელ თანატოლებს. ეს პატარა საქართველოსთვის ცოტა არაა.ცუდია, როცა მოწონების მაგივრად ამ კარგი საქმეების გაუბრალოების მცდელობებია. ფეხბურთი ჩვენია, საერთოა, სახალხოა, მშენებარე ბაზები კი ჩვენი შვილების სამსახურში იქნება. ცუდია, როცა საჭირო ხდებანათელი და გასაგები ჭეშმარიტების შეხსენება, მაგრამ კარგია, რომ ტენდენციური შეფასებების მიუხედავად, საქმე კეთდება და ხუთი ახალი სტადიონი, მალე რომ ჩადგება ჩვენი ფეხბურთის სამსახურში, ამის კიდევ ერთი დასტურია.
გია გომართელი