26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.
💬 ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ბედნიერი ვარ, რადგან დედაქალაქ თბილისს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სტადიონი შეემატა. აღნიშული ტერიტორია ჩვენ სულ რაღაც ორი წლის უკან გადმოგვეცა განსაზღვრული მიზნობრიობით. ამისთვის მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. მთლიანობაში არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა, ადგილზე გვაქვს ერთი სტანდარტული და ერთი მინი მოედანი, ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ცენტრს სჭირდება.
აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი პირველ რიგში ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას, სწორედ ფიფას ფორვარდის პროგრამის მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა აღნიშნული პროექტი."
პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7x7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოთახია განთავსებული.
სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.