სიახლეები

ლაგოდეხში WePlayStrong საზაფხულო ბანაკი გრძელდება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიაში 2020 წლის #WePlayStrong გოგონათა საზაფხულო ბანაკი გრძელდება.

2020 წლის გოგონათა საზაფხულო ბანაკი 27 ივლისს გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში სახალისო საფეხბურთო ვარჯიშებთან ერთად ბანაკის მონაწილე გოგონები სხვდასხვა სახის ინტელექტუალურ და კულტურულ აქტივობებში არიან ჩართულები. სფფ-ის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს სემინარი ჩაუტარეს თემაზე - ფეხბურთის საწყისი წლები და ქალთა ფეხბურთის ისტორიული მიმოხილვა. სემინარებთან ერთად საზაფხულო ბანაკის გოგონებს საფეხბურთო თემატიკის ფილმების ყურების და ბიბლუსის სივრცეში მათთვის სასურველი წიგნების კითხვის შესაძლებლობა აქვთ. #WePlayStrong გოგონათა საზაფხულო ბანაკი 2 აგვისტოს დაიხურება.​

გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფას საკომუნიკაციო პროექტის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში იმართება. პროექტის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ლაგოდეხი საზაფხულო ბანაკს უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად პროექტი გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მთელი წლის განმავლობაში კი გოგონებს ფეხბურთის უფასოდ სწავლების შესაძლებლობა აქვთ. პროექტის მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი გოგონას მოზიდვა და ამ საშუალებით ქალთა ეროვნული ჩემპიონატის და გოგონათა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა.

შეგახსენებთ, რომ ბანაკის დაწყებამდე აკადემიის შენობას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. შენობის დეზინფექციასა და ბანაკის მიმდინარეობის პერიოდში ანტიბაქტერიული საშუალებებით უზრუნველყოფას კომპანია ელექსირი სფფ-სთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფს. საზაფხულო ბანაკის პარტნიორები ასევე არიან კომპანიები ბარამბო, კოკა-კოლა და მაკდონალდსი.