სიახლეები

ლაგოდეხში WePlayStrong საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით #WePlayStrong საზაფხულო ბანაკი გაიხსნა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემია უმასპინძლებს. 
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალთა საფეხბურთო კლუბების წევრი 15-წლამდე ასაკის 60 გოგონა იღებს. ერთი კვირის განმავლობაში გოგონები სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით იცხოვრებენ. პროგრამის ფარგლებში გოგონებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის ვარჯიშები, ინტელექტუალური თამაშები, კინოჩვენებები და სხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. კემპის მონაწილეებს ბიბლუსის მიერ მოწყობილ სპეციალურ კუთხეში სასურველი წიგნების წაკითხვაც შეუძლიათ. გოგონებს სტუმრად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)-ის საქართველოს ოფისის მოწვეული სპიკერებიც ესტუმრებიან და ტრენინგებს ჩაუტარებენ. 

ბანაკის დაწყებამდე აკადემიის შენობას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. შენობის დეზინფექციასა და ბანაკის მიმდინარეობის პერიოდში ანტიბაქტერიული საშუალებებით უზრუნველყოფას კომპანია „ელექსირი“ სფფ-სთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფს. 

საზაფხულო ბანაკის მონაწილე გოგონებს ვარჯიშებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები ჩაუტარებენ.  

გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფას საკომუნიკაციო პროექტის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში იმართება. პროექტის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ლაგოდეხი საზაფხულო ბანაკს უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად პროექტი გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მთელი წლის განმავლობაში კი გოგონებს ფეხბურთის უფასოდ სწავლების შესაძლებლობა აქვთ. პროექტის მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი გოგონას მოზიდვა და ამ საშუალებით ქალთა ეროვნული ჩემპიონატის და გოგონათა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა.

საზაფხულო ბანაკის პარტნიორები ასევე არიან კომპანიები ბარამბო, კოკა-კოლა და მაკდონალდსი.