სიახლეები

თბილისმა კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარს უმასპინძლა

ლიცენზირება
გაუზიარე

საქართველოში პირველად, კლუბების ლიცენზირებისა და  ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ორგანიზებით ჩატარდა. 

შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ლიცენზირების პროცესის უზრუნველყოფაა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გახსნა. 

მან ინიციატივის აუცილებლობაზე ისაუბრა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისობისთვის მნიშვნელოვან განახლებებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით,  კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხების სემინარი ქართული კულბებისათვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და აუცილებელი გამოცდილების გაზიარება იქნება, რათა ქართულა საკლუბო ფეხბურთმა ევროპულ მოთხოვნებსა და სიახლეებს ფეხი აუწყოს. 

სემინარის შინაარსობრივ ნაწილს უეფას კლუბების ლიცენზირების წარმომადგენლები, ალეშ ზავრლი - კლუბების ლიცენზირების ხელმძღვანელი და დანიელე ბერნარდი - კლუბების ლიცენზირების მენეჯერი გაუძღვნენ. აღნიშნულ ღონისძიებას  ის აუდიტორული კომპანიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც კლუბების ლიცენზირების პროცესში არიან ჩართულნი. 

სემინარში 12 ქართული კლუბი მონაწილეობდა, კერძოდ შეხვედრას იმ საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ამჟამად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობენ, ან გასულ სეზონზე იყვნენ უძლიერესთა შორის. 

სემინარის მიმდინარეობისას ევროპული საკლუბო ფეხბურთის მონაცემთა ანალიზი და  ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს.