სიახლეები

სოციალური დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის

სფფ
გაუზიარე
6 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაინტერესებულ მხარეებს შორის სოციალური დიალოგი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში თბილისს ევროპული პროფესიული ფეხბურთის სოციალური დიალოგის საგანგებო კომიტეტის წევრები ესტუმრნენ,  რომელთა შორის უეფას, ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA), ევროპული პროფესიული ლიგების გაერთიანების (EPFL) და პროფესიონალ ფეხბურთელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპის ქვედანაყოფის (FIFPro Europe) წარმომადგენლები იყვნენ.  

შეხვედრა 6 მარტს, სასტუმრო „ჰუალინგში“ ჩატარდა და მასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერი ბაქარ ჟორდანია, იურუდიული განყოფილების წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისა და უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო ფორუმის მთავარი თემა პროფესიონალი ფეხბურთელების კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების პრაქტიკაში დანერვასთან დაკავშირებული საკითხები იყო. შეხვედრაზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

უეფას წარმომადგენელმა ანჯელო რიგოპოლუსმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  გათვალისწინებული საკითხების პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება აღნიშნა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე დაწყებული პროექტების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. ანჯელო რიგოპოლუსმა სფფ-ის პროგრამის :“სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ როლი აღნიშნა და ფეხბურთის ფედერაციას UEFA GROW სამიტის წარმატებული მასპინძლობა მიულოცა.