სიახლეები

ფიზმომზადების მწვრთნელთა სემინარის მეორე დღე

სფფ
გაუზიარე

28 თებერვალს, სასტუმრო მოხალისეში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების სპეციალისტმა - რომან შვანტნერმა ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩაატარა. 

შვანტნერმა პრეზენტაციის საშუალებით მოთამაშეთა ინდივიდუალურ ფიტნეს-პროფაილებზე, მატჩისწინა სამზადისზე, მოკლე პერიოდში ტრავმიანობის პრევენციაზე და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ტესტებზე ისაუბრა.  აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას კლუბების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფიზმომზადების მწვრთნელები და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ყიფიანი ესწრებოდნენ.

ანალოგიური სემინარი რანგით პირველი ლიგის კლუბების ფიზმომზადების მწვრთნელებისათვის 27 თებერვალს ჩატარდა. 

„ჩემი პრეზენტაციის მიზანია, გავუზიარო ახალი მეთოდები სემინარის მონაწილეებს. ვფიქრობ, მწვრთნელებს სამომავლოდ გამოადგებათ ის სიახლეები, რასაც ამ სემინარზე შეიტყობენ,“ - განაცხადა რომან შვანტნერმა.

„ძალიან კარგი წამოწყებაა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ დღის განმავლობაში გავაანალიზებთ და გამოვიტანთ დასკვნებს. ეს სემინარი არამარტო ნაკრები გუნდებისთვის არამედ კლუბებისთვისაც ძალიან კარგია. დღეს სემინარის პირველ ნაწილში სწორედ ეს იქნა აღნიშნული, რომ თუ მიღებული ინფორმაცია საკლუბო დონეზეც დაინერგება, ხელს შეუწყობს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონის ამაღლებას,“ - განაცხადა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა.

„ფეხბურთის ფედერაციის ეს წამოწყება ძალიან კარგია. ფიზმომზადების პრობლემა ზოგადად ქართულ ფეხბურთში დგას. აქ კი ვიღებთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში კლუბებში გამოვიყენებთ," - წყალტუბოს „სამგურალის“ ფიზმომზადების მწვრთნელი რომან ჭუმბურიძე