სიახლეები

საქართველოს ნაკრები ფინალშია !

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშებაში საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უეფას გუნდები ჩაერთვნენ.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა და ორივე გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა. ვარსკვლავური შემადგენლობით მოასპარეზე ქართველებმა მეტოქე 7:4 დაამარცხეს. გოლები გიორგი დემეტრაძემ (2), ალექსანდრე იაშვილმა (2), ალექსანდრე ამისულაშვილმა (2) და ლევან კობიაშვილმა გაიტანეს. თურქეთის ნაკრებიდან კი, გიორგი ლომაიას კარის აღება ემრემ, ილმაზმა, კარტოფმა და ქუჩუქვარდარმა მოახერხეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უეფას გუნდს გაეჯიბრა და ანგარიშით 6:2 გაიმარჯვა. მეტოქეს ორი გოლი ლევან კობიაშვილმა გაუტანა, თითოჯერ კი, გიორგი დემეტრაძემ, ალექსადრე იაშვილმა, დავით მუჯირმა და მამუკა მაჭავარიანმა შეაგდეს. უეფას მხრიდან გოლების გატანა ოლივიე დოლიამ და დევიდ გაფმა მოახერხეს.

წარმატებით ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდა, დრამატულ შეხვედრაში 6:5 დაამარცხა მეტოქე და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გოლები დავით მუჯირმა (3), ალექსანდრე ამისულაშვილმა, გიორგი დემეტრაძემ და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. ესპნაელთა მხრიდან კი, თავი ხუან სანჩესმა (2), ხუანფრანმა, სალვა ბალესტამ და მარკოს სენამ გამოიჩინეს.

ტურნირის მეორე ფინალისტმა, უკრაინის ნაკრებმა ჯგუფში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ 3:3 ითამაშა, მეორე შეხვედრაში კი, ესპანეთს აჯობა 3:2 და 4 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში უკრაინელთა მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო და დაძაბული მატჩი მათი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ტურნირის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ა“ ჯგუფი: თურქეთი - უეფა 5:4„ბ“ ჯგუფი: აზერბაიჯანი - ესპანეთი 2:5