სიახლეები

"გაგრა" ზამთრის თასის გამარჯვებულია

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ „გაგრა“ და საჩხერის „ჩიხურა“ წარსდგნენ. შეხვედრა გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გოლები გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ, ქურდაძემ და კიკნაძემ გაიტანეს.

მეორე შეხვედრაში კი, ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და თბილისელთა გამარჯვებით 11:5 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთთრიკი საბა ლობჟანიძემ შეასრულდა, დუბლი ოთარ კიტეიშვილმა, ბაჩანა არაბულმა და ბექა მიქელთაძემ, თითო ბურთი კი, გიორგი ჩაკვეტაძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათი გუნდიდან თავის გამოჩენა მიხეილ გორელიშვილმა (2), პაპუნა ფონიავამ და ვაკო თევდორაძემ მოახერხეს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ფინალური შეხვედრაში, ერთმანეთს „გაგრა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლები პაპავამ (2), გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ და ქურდაძემ გაიტანეს. დინამოელთა მხრიდან კი მეტოქის კარი ლობჟანიძემ (2), არაბულმა და თევზაძემ აიღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი დააჯილდოვა, „გაგრას“ კი, კუთვნილი ჩემპიონის თასი გადასცა. ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად გაგრელი გიორგი ქურდაძე დასახელდა, ბომბარდირი კი, 18 გოლით, დინამოელი საბა ლობჟანიძე გახდა.