სიახლეები

სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

„სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ - სასწავლო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულებულია. ამ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ამჯერად პროგრამას საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 პირი გაივლის, მათ შორის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბებისა და სხვა საფეხბურთო ფედერაციებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფას დაფინანსებით ხორციელდება.

„სფფ - ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.