სიახლეები

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებები

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა და აწ უკვე დასრულებული საფეხბურთო სეზონის ბოლო შვიდი საკითხი განიხილა.

სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ასეთია:

1. უმაღლესი ლიგის რეგულაური სეზონის ბოლო ტურში, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩისას მასპინძელი კლუბის გულშემატკივართა მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მსაჯებისა და ოფიციალურ პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. ასევე "დინამომ" დაარღვია დებულება და ვერ შეძლო სტადიონზე შეცვლებისთვის საჭირო ელექტროტაბლოს ან მისი შემცვლელი მექანიკური ტაბლოს უზრუნველყოფა. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ბათუმის "დინამო" სკანდირების გამო დაისაჯა 5000 ლარით, ხოლო ტაბლოს არქონის გამო 500 ლარით.

2. უმაღლესი ლიგის პლეიაუტის პირველ მატჩში, ლანჩხუთის "გურიასა" და გორის "დილას" შორის, სტადიონზე მომხდარი არაერთი ინციდენტის გამო შეხვედრის მეორე ტაიმი დაიწყო 6 წუთის დაგვიანებით. მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვა, რასაც მოჰყვა 10-15 კაციან გულშემატკივართა ჯგუფის მიერ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფურთხება და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. რასაც დაემატა ფეხბურთელთა გასასვლელ გვირაბში მსაჯების მიმართ კლუბის თანამშრომელთა მხრიდან გამოჩენილი აგრესიაც. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, "გურია" დაჯარიმდა 10 000 ლარით.

3. უმაღლესი ლიგის პლეიაუტის საპასუხო მატჩში, ქობულეთის "შუქურას" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირებაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი. "შუქურას" გულშემატკივრების მხრიდან მატჩისას მეტოქის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი სკანდირების და მიუღებელი ლექსიკის გამო, კლუბი დაჯარიმდა 5000 ლარით და "ჩელე არენაზე" 3-თამაშიანი დისკვალიფიკაციით.

"სიონის" ფეხბურთელები - წითელი ბარათით გაძევებული დავით ხურცილავა, კაპიტანი დავით სვანიძე და ჯაბა უგულავა, მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, დაისაჯნენ. ხურცილავა 5 მატჩით და 1200 ლარით. სვანიძე - 4 მატჩი და 800 ლარი. უგულავა - 3 მატჩი და 800 ლარი.

მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში ასლანაძეს 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. "სიონის" გუნდის უფროსი ლაშა ალიმბარაშვილი, მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისათვის დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში მასაც 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

4. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, "ავაზა" - "საბურთალოს" მატჩის შემდეგ, "საბურთალოს" გულშემატკივრებმა გამოიჩინეს აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს. გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ მუსერიძემ კი მსაჯთა ოთახში შესვლა შეძლო და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "საბურთალო" დაჯარიმდა 3000 ლარით, ხოლო ვლადიმერ მუსერიძეს 2017 წლის 29 ნოემბრამდე აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა.

5. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "მერიის თასის" გათამაშებაში 2004 წელს დაბადებულთა შორის, სულაქველიძის აკადემია მასპინძლობდა თბილისის "ლოკომოტივს". შეხვედრა მე-20 წუთზე შეწყდა, როცა აკადემია 1:0 იგებდა. "ლოკომოტივის" მწვრთნელმა კოტე მელქაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯებს, რასაც "ლოკომოტივის" გულშემატკივართა პროვოცირება, მათი მოედანზე შეჭრა და მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" დაისაჯა 3000 ლარით. მაყურებელთა პროვოცირებისა და მსაჯთა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კი კოტე მელქაძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა 2017 წლის 1 ივნისამდე.

6. 17-წლამდელთა ლიგაში ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანის" მატჩში, მასპინძელთა გულშემატკივრის მხრიდან დაფიქსირდა მსაჯის სიყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, "გურია" დაჯარიმდა 1000 ლარით.

7. 19-წლამდელთა ლიგის ნახევარფინალში, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრისას, ქუთაისელთა გულშემატკივრების მხრიდან მოხდა მსაჯების მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. "ტორპედო" დაჯარიმებულია 100 ლარით.