სიახლეები

სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში

სფფ
გაუზიარე

„სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ - სასწავლო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფას დაფინანსებით ხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

ამ ეტაპზე პროგრამას საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 პირი გაივლის, მათ შორის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბებისა და სხვა საფეხბურთო ფედერაციებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

კურსზე საბუთების მიღება 8 დეკემბერს დაიწყო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტს შესაბამისი განაცხადის ფორმა გაეგზავნათ. წარმდგენ ორგანიზაციებს განაცხადების გამოგზავნა 20 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

„სფფ - ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.