სიახლეები

უმაღლესი ლიგა - პლეი აუტი დასრულდა

გაუზიარე

6 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ადგილობრივმა „შუქურამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. მე-40 წუთზე მეტოქის კარი ალექსანდრე გურულმა აიღო. გოლის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, რამდენიმე მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა. აჭარლებმა კი, საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 90-ე წუთზე მოახერხეს, საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა ჯეფინიომ დააგვირგვინა. ამ გამარჯვებით ქობულეთის „შუქურამ“ ბოლნისის „სიონს“ ორი მატჩის ჯამში 5:4 აჯობა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

პლეი-აუტის მეორე შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და ლანჩხუთის „გურია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა და პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით ელიტაში ადგილი გორელებმა შეინარჩუნეს.

დღეს გამართული შეხვედრებით უმაღლეს ლიგაში პლეი აუტი დასრულდა და გადაწყდა, რომ „ზუგდიდთან“ და „ცხინვალთან“ ერთად რანგით მეორე დივიზიონში ლანჩხუთის „გურია“ და ბოლნისის „სიონი“ დაქვეითდებიან.