სიახლეები

პირველ ლიგაში პლეი აუტის პირველი ეტაპი დასრულდა

გაუზიარე

2 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი აუტის მატჩები გაიმართა. ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „მეშახტემ“ „ჭიათურას“ უმასპინძლა. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, მეტოქის კარი ზურაბ ტიელიძემ აიღო. პირველი ნახევრის მიწურულს, მე-40 წუთზე ტიელიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტყიბულელებმა ორი მატჩის ჯამში მოწინააღმდეგე 6:1 დაამარცხეს.

დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა მარტვილის „მერანმა“. მარტვილელებმა საკუთარ მოედანზე ვანის „სულორი“ მიიღეს და 6:0 დაამარცხეს მეტოქე. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრაც „მერანის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. დღევანდელ მატჩში ანგარიში 38-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ გახსნა. 55-ე წუთზე აკაკი შულაიამ საკუთარი გუნდის უპირატესობა განამტკიცა, 67-ე და 76-ე წუთებზე კი დუბლი შოთა ჯიქიამ გაიფორმა, თითო-თითო გოლი ზვიად ქანთარიას და ნიკა საბანაძის ანგარიშზეა - მარტვილელთა შემტევებმა შესაბამისად 77-ე და 87-ე წუთებზე შეძლეს მეტოქის კარის აღება.

დიდი ანგარიშით მოიგო „ბორჯომმაც“. ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ბორჯომელებმა ცხინვალის „ლიახვს“ უმასპინძლეს და 7:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-17 წუთზე დათა ციცხვაიამ გახსნა. ციცხვაიამ 36-ე წუთზეც გაიტანა და დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. 50-ე წუთზე კი მამუკა ტორონჯაძემ მესამედ აიღო ცხინვალელთა კარი და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მიუხედავად სამბურთიანი უპირატესობისა „ბორჯომი“ კვლავ აქტიურად უტევდა მეტოქეს. 63-ე წუთზე მასპინძელთა ირანელმა ლეგიონერმა, მაჰდი ღიასიფარდიმ „ლიახვს“ მეოთხე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს 8 წუთიან მონაკვეთში ბორჯომელებმა მეტოქეს კიდევ სამჯერ გაუტანეს, 81-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძემ გამოიჩინა თავი და დუბლი გაიფორმა, 86-ე წუთზე უჩა ბურძენაძემ აიღო მეტოქის კარი, 89-ეზე კი მაჰდი ღიასიფარდიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წალენჯიხაში, „სქურისა“ და ხობის „კოლხეთის“ დაპირისპირება 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა. საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.

პირველი ლიგის პლეი აუტის მეორე ეტაპის პირველი მატჩები 5 დეკემბერს გაიმართება.