სიახლეები

17-წლამდე ლიგა - ფინალური წყვილი გაირკვა

გაუზიარე

29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დედაქალაქელთა ანგარიში ლევან გრძელიძის გოლით გახსნეს, თემურ გაბუნიამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ნახევარფინალის მეორე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საბურთალოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გიორგი ივანიაძემ, თემურ ძაძამიამ და გიორგი ჯინჯოლავამ (პენ.) გაიტანეს. დინამოელთა მხრიდან კი, თავი მიხეილ ერგემლიძემ გამოიჩინა.

17-წლამდე ლიგის ფინალურ შეხვედრას 4 დეკემბერს მიხელ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

დღესვე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19-წლამდე ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩები გაიმართა.

აღმოსავლეთ ზონაში, თბილისის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა მეტოქე, „რუსთავი“ თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხდა 1:6, თბილისის „საბურთალომ“ კი ბოლნისის „სიონს“ აჯობა 2:0. დასავლეთში, ჯგუფის ლიდერი, „ზუგდიდი“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ 2:3 დამარცხდა. ქუთაისის „ტორპედომ“ შინ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და 4:1 დაამარცხა მეტოქე. ბათუმის „დინამომ“ კი, რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა ლანჩხუთის „გურიის“ წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა.

საბოლოოდ, აღმოსავლეთ ზონაში პირველ-მეორე ადგილებზე, შესაბამისად, თბილისის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ გავიდნენ. დასავლეთში კი - „ზუგდიდი“ და ქუთაისის „ტორპედო“.

გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე გუნდები ასე დაწყვილდნენ: „დინამო თბ“ – „ტორპედო“; „ზუგდიდი“ – „საბურთალო“.

მატჩები 5 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართება.