სიახლეები

ასაკობრივი ლიგები - მეოთხედფინალები დასრულდა

გაუზიარე

24-25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 15-წლამდე და 17-წლამდე ლიგების პლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

24 ნოემბერს 15-წლამდე ლიგის პლეი-ოფის სამი შეხვედრა შედგა. თბილისის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ 5:0 დაამარცხა, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოს“ სძლია, ანგარიშით 2:0, მარტვილის „მერანმა“ კი, თბილისის „სფფ აკადემიას“ უმასპინძლა - ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი აკადემიელებმა მეტოქე 4:3 დაამარცხეს.

25 ნოემბერს 15-წლამდელთა დარჩენილი ერთი შეხვედრა და 17-წლამდელთა პლეი-ოფის ოთხი მატჩი გაიმართა. ქობულეთის „შუქურას“ 15-წლამდე გუნდმა „ცხინვალი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. თბილისის „დინამოს“ 17-წლამდელებმა „ზუგდიდს“ 2:0 აჯობეს, თბილისის „ლოკომოტივმა“ „ცხინვალს“ მოუგო 3:0, ფოთის „კოლხეთმა“ კი თბილისის „სფფ აკადემია“ დაამარცხა, ანგარიშით 2:1. რაც შეეხება თბილისის „საბურთალოსა“ და მარტვილის „მერანის“ 17-წლამდე გუნდების დაპირისპირებას - ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, პენალტებში კი, საბურთალოელებმა იმარჯვეს 3:2.

ასაკობრივი ლიგების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები 29-30 ნოემბერს გაიმართება. ოთხივე შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარდება.

29 ნოემბერს, 17-წლამდელთა მატჩები გაიმართება. თბილისის „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდება. ფოთის „კოლხეთი“ - თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩს კი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

30 ნოემბერს, ასევე წყალტუბოს სტადიონზე გაიმართება 15-წლამდელთა შეხვედრებიც. ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ქუთაისის „ტორპედო“ კი - თბილისის „სფფ აკადემიას“.