სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეთოთხმეტე ტური

გაუზიარე

26 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მე-14 ტურის მატჩები გაიმართება და ამით რეგულარული სეზონი დასრულდება. გულშემატკივრებს ტურის ხუთი შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს - თბილისელთა ვებ-გვერდი განახორციელებს, დანარჩენი ოთხი მატჩის ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.

ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქართული ფეხბურთის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება გაიმართება, ადგილობრივი „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ეს ამ გუნდების მესამე შეხვედრა იქნება. პირველად ქუთაისურ-თბილისური დაპირისპირება უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურში შედგა, „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. მეორედ გუნდები ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში შეხვედნენ, ამ შეხვედრასაც „დინამო არენამ“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ, ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ 26 ნოემბერს გასამართ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ საქართველოს თასის მფლობელის რანგში უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ ვერ დაეხმარებიან ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი და მცველი, რენე ფერეირა. საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა სფფ სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, შესაბამისად, ფეხბურთელებს რენე ფერეირასა და გიორგი პაპუნაშვილს შეუნარჩუნდათ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და თბილისის „დინამოს“ მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა თბილისში გაიმართება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თბილისელები 14 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ქობულეთელები კი, 11-ით მეხუთეზე.

გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. გორელები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ფოთელები კი, ევრო-ზონაში მოსახვედრად. „დილა“ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, „კოლხეთი“ კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. გუნდებს შორის პირველ წრეში ფოთში გამართული შეხვედრა გორელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის დარჩენილ შეხვედრებში საჩხერის „ჩიხურა“ „ცხინვალს“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო" - თბილისის „საბურთალოს", ზუგდიდი“ კი, „სამტრედიას."



ტორპედო - დინამო თბ

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, პ. მაჭარაძე

დისკვალიფიკაცია: ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, რენე (სამივე დინამო თბ)



ლოკომოტივი - შუქურა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ი. უკლება, ა. კოკაია, დ. ხარიტონაშვილი, ბ. ნინუა, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი)



დილა - კოლხეთი 1913

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, გ. ელიკაშვილი, გ. დოგრაშვილი

დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე, თემურ ღონღაძე (ორივე დილა), ვლადიმერ კორობკა, ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე (სამივე კოლხეთ 1913)



ჩიხურა - ცხინვალი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი, გიორგი რეხვიაშვილი (ორივე ჩიხურა), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი)



დინამო ბთ - საბურთალო

ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: აჭარის ტელევიზია

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ი. მაჩიტიძე, მ. კუპატაძე, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: დავით კვირკველია (დინამო ბთ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)



ზუგდიდი - სამტრედია

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", უმაყურებლოდ, 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ახვლედიანი, კ. სადილიანი, დ. სანოძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)