სიახლეები

19-წლამდე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პრესკონფერენცია

გაუზიარე

9-14 ნოემბერს გასამართი საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დაწყებამდე საქართველოს, ესპანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელებმა სასტუმრო „ჰუალინგში“ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. მწვრთნელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოახლოებულ მატჩებს და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად განსაკუთრებულ ეტაპად აფასებენ. 

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის. მსგავსი ტურნირები ძალიან საინტერესოა, რადგან მაღალი დონის გუნდები ჩამოვიდნენ და ეს აუცილებლად გამოადგება ჩვენს გუნდს. ამ ნაკრებებთან მატჩებში კარგად დავინახავთ, რა ეტაპზე ვართ და რომელ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი… ...სამწუხაროდ, ჩვენთვის შეკრება არასასიამოვნოდ დაიწყო - ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი გამოგვაკლდა - ძირითადად, მცველები. შესაძლოა, ამ პოზიციაზე რომელიმე ნახევარმცველიც გამოვიყენოთ. დანარჩენების მდგომარეობით, განწყობითა და სათამაშო ფორმით კი კმაყოფილი ვარ".

ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო, ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ საქართველოში ჩამოსვლა. აქ შარშანაც ვიყავი, შესარჩევი ჯგუფი ვითამაშეთ და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვიმარჯვეთ. აქაურობა კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, ახლაც ასე იქნება. ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელიტ-რაუნდისთვის ვემზადებით. ახალი გუნდი გვყავს, სხვა თაობა მოვიდა. ყველა ფეხბურთელი, ვინც ნაკრებშია, თავის კლუბში კარგად თამაშობს და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ალბათ 5-6 ფეხბურთელია, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მაგრამ ვთვლი, რომ საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბე”.

მაარტენ სტეკელენბურგი, ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ მოგვიწვია ამ ტურნირზე. შესარჩევ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს დაგვიხარია, რომ ასეთი დონის ტურნირზე გვეძლევა შანსი, ელიტარული დონის გუნდებს გავეჯიბროთ. ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოვიძახე, საიდანაც 3 მეკარეა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გუნდით, რომელიც აქ ჩამოვიყვანე, რადგან ყველა ფეხბურთელის გამოძახება მოვახერხე, ვინც მსურდა. განწყობა მშვენიერია და პირველ გამოწვევებს ველოდებით".

ჟან-კლოდ ჟიუნტინი, საფრანგეთის19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, ეს ტურნირი ძალიან წაგვადგება. გადავწყვიტეთ, აქ ახალი ფეხბურთელებით ვითამაშოთ, რათა ძლიერ გუნდებთან თამაშით მათ გამოცდილება შეიძინონ. საქართველოში კარგი მოედნები დაგვახვედრეს და პირობებიც მშვენიერია. 20 მოთამაშით ჩამოვედით. ძირითადად, ახალგაზრდა და დინამიური შემადგენლობა შევკრიბეთ. ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში კარგად თამაშობენ, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც კი აქვთ მიღებული გამოცდილება და მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავს".