სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ სეზონი 10 ნოემბერს აიღებს სტარტს!

ფუტსალი
გაუზიარე

3 ნოემბერს, „ახალ თბილისში“ მდებარე სასტუმრო „მოხალისეს“ საპრეზენტაციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პრეზენტაცია, გუნდების წარდგენა და ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე ესწრებოდნენ. სფფ-სა და SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონი სტარტს 10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში აიღებს და იგი 10 (ათი) გუნდიანი ფორმატით, ორ წრედ წარიმართება. მონაწილე გუნდების უმრავლესობა დებიუტანტია - შარშანდელი ვიცე ჩემპიონი „თელასის“, ბრინჯაოს პრიზიორი „თბილისის“ და მეოთხე ადგილზე გასული „აფხაზეთის“ გარდა, ჩემპიონატში ითამაშებენ მფკ „ტატიშვილი“, მფკ „აგორა“, მფკ „მგლები“, მფკ „თბილისი ვარიორზი“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „დინამო“ ბათუმი და იბსუ.
წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება. სიახლე საპრიზო ფონდთან დაკავშირებითაც - გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში, გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ. ჩემპიონატების თამაშებს მხოლოდ ახალი სპორტის სასახლე არ უმასპინძლებს - ორივე ბათუმური გუნდი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.
ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება - სფფ-ს, SBM-ისა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება კვირაში ერთხელ ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა „სილკ უნივერსალის“ არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს.
ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან აუცილებლად გაგრძელდება ფუტსალის ხელშეწყობა, რადგან ამ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და გავცდით დედაქალაქის ფარგლებს და გავედით რეგიონშიც. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ფუტსალის ლიგას ახალი სატელევიზიო პარტნიორი ეყოლება სილკ უნივერსალის სახით. მათი ჩართულობა ფუტსალის პოპულარიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი და SBM-ის ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა, ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ზაალ ჩიტალაძე: თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დღეს ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და მათი დიდი ძალისხმევით საკმაოდ მნიშვნელოვან და დიდ ნაბიჯს ვდგამთ ქართული ფუტსალის განვითარების საქმეში. ამის თქმის რამოდენიმე წინა პირობა არსებობს, პირველი ის რომ გაზაფხულზე ჩატარებული ხანმოკლე ჩემპიონატის შემდეგ, ვიწყებთ ახალ, სრულყოფილ სეზონს. გაიზარდა მონაწილე გუნდების რაოდენობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოხდა „ბიზნესიდან მოსული“ გუნდების ხარჯზე, ვფიქრობ ეს ტენდენცია სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდი იქნება. წინა სეზონთან შედარებით თითქმის გაორმაგდა საპრიზო ფონდი. ღონისძიება გადის რეგიონში, წელს მხოლოდ ბათუმით შემოვიფარგლებით, თუმცა სამომავლოდ რეგიონების ჩართულობის კუთხით, ესეც სასიამოვნო და საჭირო ტენდენციის სტარტად უნდა მივიჩნიოთ.

კენჭისყრის შედეგად, 10 ნოემბერს გასამართ I ტურის შეხვედრებში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური
მფკ აგორა - მფკ ბსუ (ბთ)მფკ სტუ-თელასი - მფკ დინამო (ბთ)მფკ თბილისი - მფკ მგლებიმფკ აფხაზეთი - მფკ იბსუმფკ თბილისი ვარიორზ - მფკ ტატიშვილი