სიახლეები

საქართველოს ნაკრების ვარჯიში "კარდიფ სიტის" სტადიონზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უელსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში "კარდიფ სიტის" სტადიონზე ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩის მასპინძელ არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის სამატჩო განაცხადში კვლავ ის 23 ფეხბურთელი მოხვდა, რომელიც ირლანდიასთან იყო. სოლომონ კვერკველიამ გასულ შეხვედრაში სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო კარდიფში დაგეგმილი პირველი ვარჯიში გამოტოვა. დღეს კი, სრული დატვირთვით ივარჯიშა და მედიკოსთა გადაწყვეტილებით ფეხბურთელი უელსის წინააღმდეგ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს. ირლანდიასთან მატჩის მსგავსად ტრავმის გამო მატჩს უჩა ლობჟანიძე გამოტოვებს.

"კარდიფ სიტიზე" ვარჯიშის დაწყებამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისმა და ზურაბ ცისკარიძემ უპასუხეს. პრესკონფერენციაზე უელსელი ჟურნალისტის პირველი შეკითხვა, ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის რემზის და ალენის არ ყოფნას უკავშირდებოდა.

"უელსი ძლიერია როგორც გუნდი. რა თქმა უნდა, ამ ორი ფეხბურთელის არ ყოფნა თქვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რამეთუ ისინი ჩემი აზრით, გარეთ ბეილთან ერთად გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. თუმცა, თამაში მაინც 11 – 11-ის წინააღმდეგ იქნება. ამასთან, ჯაბა კანკავას სახით ჩვენც უკვე საკმაო ხანია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვერ გვეხმარება.

-ვნახოთ, რა პოზიციაზე დააყენებს ბეილს ხვალ ქრის ქოულმენი. ბეილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემი აზრით, მოთამაშეთა იგივე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რონალდუ და მესი. მთელი გუნდი მისთვის მუშაობს და ყველამ იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. მისი გაჩერება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ მოვიგოთ. ვფიქრობ, თუ ჩვენ ხვალ გოლის გატანა ვერ შევძელით, კვლავაც ხელცარიელები დავრჩებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გარეთ ბეილი ჰყავს.

-საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ჩემი დანიშვნის შემდეგ გუნდმა პირველი თამაშები ცუდად ჩაატარა. თუმცა, ბოლო 3 თამაშში ჩვენმა ფეხბურთელებმა მოედანზე კარგი დისციპლინა აჩვენეს. მწვრთნელისთვის ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე თავს ვგრძნობ ისე, როგორც სახლში.

-ვფიქრობ, რომ ხვალ არის ჩვენი ბოლო შანსი, ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქეს წავართვათ ქულები, თუმცა, ჩვენი შესაძლებლობები მოედანზე სრულად უნდა გამოვავლინოთ. უელსის ნაკრებს სათანადოდ უნდა შევხვდეთ, ამავდროულად შეტევაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევეცადოთ, რომ თამაში მოვიგოთ.

-საბა კვერკველია მზად არის თამაშისთვის. იგი ხვალ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს. ბოლო ორ თამაშში მარცხის მიუხედავად, ჩვენ დადებითად უნდა შევხედოთ მომავალს. ვამჩნევ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. აქამდ უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მუდმივად უიღბლობაზე საუბარს ვერ შევძლებთ და დროა, ქულების მოგროვება დავიწყოთ" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მთავარი მწვრთნელის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა ზურაბ ცისკარიძეს უელსის ნაკრების ლიდერზე კითხეს.

"გარეთ ბეილი საოცარი ფეხბურთელია და ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მის წინააღმდეგ თამაში, თუ მე ხვალ ამის შესაძლებლობა მომეცა. ჩემი აზრით, მის გარეშე უელსის გუნდი თავისი შესაძლებლობების ნახევარს კარგავს. რემზი და ალენიც დიდ დანაკლისს წარმოადგენენ მათთვის და იმედი მაქვს, რომ ამით ჩვენ ხვალ უელსზე მეტი ზეწოლის განხორციელების შანსი მოგვეცემა".

უელსისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მეოთხე დაპირისპირება, 9 ოქტომბერს, "კარდიფ სიტის" სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. დღემდე ამ გუნდებს შორის გამართული სამივე მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა, კვირას, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.