სიახლეები

"საფეხბურთო უბანი 2016" დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

4 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირის „საფეხბურთო უბანი 2016“-ის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის ბოლო დღეს მზიურის სტადიონზე მატჩები 18:00 საათიდან დაიწყო. პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის წინააღმდეგ ვაკისა და კრწანისის გუნდები წარდგნენ. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა კრწანისელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა. მათი მხრიდან გოლებით კვიციანი (2), კუბლაშვილი (2), უშარაული და ინჯგია გამოირჩნენ. დამარცხებულთა მხრიდან კი, პრესტიჟის გოლის გატანა ლევან კობაიძემ მოახერხა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ვერა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფედერაციის დამაჯერებელი გამარჯვებით 10:1 დასრულდა. ათიდან ექვსი გოლი, დავით მუჯირის ანგარიშზეა, 4 კი, ვახო კეკელიას. ვერელთა მხრიდან ერთადერთი გოლი, გიორგი რევაზიშვილმა გაიტანა.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ვერისა და ვაკის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში, ვაკელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხეს. მათ გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს. გამარჯვებულთა მხრიდან თითო გოლით, სოზაშვილი და კურტანიძე გამოირჩნენ, ვერელთა მხრიდან კი, მეტოქის კარი ბექა ტუღუშმა აიღო.

სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სფფ-ისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში კრწანისელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. მათ რიგებში დუბლით ლევან კვიციანი გამოირჩა, თითო გოლი კი, შოთა უშარაულმა, რევაზ ინჯგიამ და ოთარ კუხალეიშვილმა გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან თავი მუჯირმა, კეკელიამ და ჩიხრაძემ გამოიჩინეს.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები ინდივიდუალური პრიზებით ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, თენგიზ სულაქველიძემ დააჯილდოვა. „საფეხბურთო უბანი 2016“-ის საუკეთესო მეკარედ ფეხბურთის ფედერაციის გუნდის გოლკიპერი, დავით ბაქრაძე დასახელდა. გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო კრწანისის ფეხბურთელს, რევაზ ინჯგიას ერგო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ასევე კრწანისის მოთამაშე, შოთა უშარაული დასახელდა.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

ფინალურ მატჩს გიორგი (ჩიორა) თექთურმანიძე ესწრებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ავარიის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 10 000 ლარი გადასცა.