სიახლეები

"საფეხბურთო უბანი 2016" - ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირის „საფეხბურთო უბანი 2016“-ის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

პირველი მატჩი ვარკეთილისა და გლდანის გუნდებს შორის უნდა გამართულიყო, მაგრამ ვარკეთილელები ვერ გამოცხადნენ და მათ მაგივრად გლდანელებს „ა“ ჯგუფის მესამე ადგილოსანი ვერა დაუპირისპირდა. შეხვედრა ვერელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მათი მხრიდან მეტოქის კარი მაკასარაშვილმა, მარგოშვილმა და ჯავახიშვილმა აიღეს. დამარცხებულთა მხრიდან კი, სილაგავა და ლომსაძე გამოირჩნენ.

შემდეგ მატჩში ერთმანეთს კრწანისი და საბურთალო დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა კრწანისელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ინჯგიამ (3), უშურაულმა (2) და ჯაფარიძემ გაიტანეს. საბურთალოელთა მხრიდან გატანილი გოლები კი, ცინცაძისა და ხიზანეიშვილის ანგარიშზეა. 

დაძაბული გამოდგა მუხიანისა და ვაკის გუნდების დაპირისპირება. საბოლოოდ მატჩი ვაკელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები სებისკვერაძემ (2), კობაიძემ და კურტანიძემ გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი მეტოქის კარი მოსიაშვილმა და ცაცკრიალაშვილმა აიღეს. ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში ჭანუყვაძემ ჩაჭრა. 

დამაჯერებლად იმარჯვა სფფ-ის გუნდმა. მათი მეტოქე ისანი გახლდათ. შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის გამარჯვებით 9:1 დასრულდა. გოლები კობიაშვილის (2), კალაძის (2), მუჯირის (2), კვარაცხელიასა (2) და ჩიქოვანის ანგარიშზეა. ისნელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კი, გაბაშვილია.

ტურნირი 30 სექტემბერს დაიწყო და მასში თბილისის 15 უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები მონაწილეობენ. 

ტურნირის ფინალური დაპირისპირებები 4 ოქტომბერს გაიმართება.