სიახლეები

ალექსანდრე ამისულაშვილი ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. 

ამისულაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო - სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

ამისულაშვილის მიერ ნაკრების დატოვებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა:  

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს. ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება. მან გადაწყვიტა, დაასრულოს სანაკრებო კარიერა, თუმცა რჩება ნაკრების გულშემატკივრად და ახლა უკვე ქომაგთა რიგებიდან გაამხნევებს ჩვენს ბიჭებს. დიდი მადლობა მას ნაკრებში თამაშისთვის და ზოგადად ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება ჩვენთან ერთად ქართულ ფეხბურთში და თავის როლს შეასრულებს მის განვითარებაში.“ 

კომენტარი გააკეთა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც: „ალექსანდრე ამისულაშვილი 14 წლის მანძილზე იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ალექსანდრე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, აქვს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ სამაგალითოა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.“

ამისულაშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა: „ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის,  ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში“- განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.