სიახლეები

სფფ-ის განცხადება

სფფ
გაუზიარე

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხს, რომლის ინიცირებაც მოხდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი. 

მოხარულები ვართ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტულ კომპლექსებს ააშენებს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. 

უპრეცედენტო მშენებლობა, რომელიც წელს დაიწყება და 2017 წლის ივნისში დასრულდება, ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას. ეს გადაწყვეტილება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის აღორძინებისათვის.

ეს გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატისათვის ფეხბურთში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს. 

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, და თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.