საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალი თბილისში მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.
ახალი სტადიონი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალურ ეტაპს სწორედ ახალი სტადიონი უმასპინძლებს.
ამ სტადიონით ისარგებლებენ მძლეოსნებიც. მათ შეეძლებათ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, გამოიყენონ კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად.
სფფ-ის პრესსამსახური