სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგა: 1/2 ფინალები საინტერესოდ დაიწყო

ფუტსალი
გაუზიარე

23 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშები პლეიოფისთვის შესაფერის დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა.

პირველები პარკეტზე მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი და აფხაზეთი გავიდნენ.   გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში „ენერგეტიკოსებმა“ მინიმალური სხვაობით 4-3 იმარჯვეს, რითიც განმეორებითი დაპირისპირების წინ მცირე უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად „თელასის“ კართან შექმნილი რამოდენიმე სახიფათო მომენტისა, ანგარიში 16-ე წუთზე მაინც ჩემპიონმა გახსნა - უკვე მერამდენედ გადამწყვეტ მომენტში, გუნდის“მხსნელმა“ კარლო წვერავამ გაისროლა - 1-0. მეორე ნახევრის შუაწელში „შავიზღვისპირელებმა“ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ წინაც გავიდნენ - თავი სებისკევრაძემ და ხარაიშვილმა გამოიჩინეს,  თუმცა მალევე ამირან ცხომარიასგან გამათანაბრებელი გოლი მიიღეს. სებისკვერაძემ კიდევ ერთხელ შეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა - 3-2. მიუხედავად ფსიქოლოგიური უპირატესობისა, გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა - ჯერ გიორგი სოზაშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე, რატი ხოსრუაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 4-3.

გაცილებით დამაჯერებლად იმარჯვა ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომლის მეტოქეც თბილისის „თბილისი“ გახლდათ. საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრის პირველი ნახევარი, რაზეც ანგარიში (2-1) და მსაჯების მიერ ნაჩვენები ორი ყვითელი და სამი წითელი (!!!) ბარათიც მოწმობს. სათამაშო უპირატესობას მოლოდინისამებრ თსუ ფლობდა, თუმცა მეტოქე მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას და რომა არა მცირე უიღბლობა და მეტი სათამაშო კლასი, შესაძლოა ანგარიში სულ სხვანაირი ყოფილიყო. მეორე ნახევარში ფავორიტმა უფრო დამაჯერებლად დაიწყო თამაში და საბოლოოდ განმეორებითი შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობაც დაიბევა, რაც მეორე ნახევარფინალს ფაქტიურად ფორმალობად აქცევს - 8-3.

განმეორებითი შეხვედრები 30 მაისს არის დაგეგმილი. ფინალური დაპირისპირება კი 10 ივნისს გაიმართება.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხ) – 20, გიორგი ნიკვაშვილი (თსუ) – 18, აბი აჰი ალფონსე (სპარტ) – 17, ლაშა სიგუნავა (თსუ), ლაშა მაისურაძე (იბსუ) - 15

23.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. 1/2 ფინალი (I)

სტუ-თელასი - აფხაზეთი 4-3 (1-0)

გოლები: 15:54’ წვერავა (1-0), 28:51’ სებისკვერაძე (1-1), 29:16’ ხარაიშვილი (1-2), 31:45’ ცხომარია (2-2), 33:56’ სებისკვერაძე (2-3). 34:33’ სოზაშვილი (3-3), 36:32’ ხოსრუაშვილი (4-3)

გაფრთხილება: 09:06’ ხარაიშვილი (აფხ), 09:06’ ასათიანი, 32:11’ ცხომარია (თელ)


თსუ - თბილისი 8-3 (2-1)

გოლები: 12:34’ მხითარიანი (0-1), 12:55’ სიგუნავა (1-1), 15:07’ სიგუნავა (2-1), 27:18’ ქურცაძე (3-1), 28:28’ ჭუმბურიძე (4-1), 33:19’ დ.თურმანიძე (4-2), 33:56’ სიგუნავა (5-2), 35:42’ კაკაბაძე (6-2), 37:21’ ცეცაძე (6-3), 37:42’ ნიკვაშვილი (7-3), 39:33’ ბობოხიძე (8-3)

გაფრთხილება: 14:05’ ჭელიძე (თბ), 15:15’ ბობოხიძე (თსუ), 34:37’ ცეცაძე (თბ)

გაძევება: 15:22, ნ. თურმანიძე (თბ), 15:22’ ჭანუყვაძე, კობაიძე (თსუ)


სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური