სიახლეები

თბილისი ლიგის კენჭისყრა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, 2016 წლის 7 მაისს იწყება "თბილისის ლიგა 2016", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი:
1. ელიას მთა - „არწივები“;2. საბურთალოს „ბურე“;3. თემქის „გაგური“;4. დინამოს „გლადიატორები“;5. „დელისი 2016“;6. „ვაკე“;7. ტაბახმელას „ვერონა“;8. „სეუ“;9. ს.კ. „დიდუბე“;10. „ვაზის უბანი“;11. „35-ე თბილისი“;12. „ოქროს უბანი“;13. „ნახალოვკა“;14. მფკ „კვარტალი“;15. საბურთალოს „ფეოლა“;16. „ვერა“
გუნდები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ორ, თანაბარი დონის ლიგაში. თითოეულ ლიგაში იასპარეზებს 8 გუნდი. ლიგებში პირველიდან მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონატს გააგრძელებენ მეოთხედფინალურ ეტაპზე. მეოთხედფინალში მოთამაშე რვავე გუნდი მოიპოვებს „თბილისის უმაღლესი ლიგის“ საგზურს, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში მონაწილეობას მიიღებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ჯგუფში მეხუთედან მერვე ადგილებზე გასული გუნდები ასპარეზობას გააგრძელებენ „თბილისის უმაღლესი ლიგის“ ორი საგზურის მოსაპოვებლად.
თითოეული გუნდის განაცხადში ირიცხება არანაკლებ 18 და არაუმეტეს 23 მოთამაშე. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 16-დან 50 წლამდე. ლიგის ფინალური მატჩი 10 ივლისს არის დაგეგმილი.
„თბილისის ლიგა 2016“-ის კენჭისყრა გაიმართება 5 მაისს, 14:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში.