სიახლეები

სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა მოინახულა

სფფ
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მოინახულა. ახალი არენა, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ენგურ ქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე, უეფას სტანდარტების III კატეგორიას უპასუხებს და 7233 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნება. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ხდება და, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონები გახდეს აქტიური. ამისთვის, ფეხბურთის ფედერაცია არაერთ ახალ პროექტზე და მიმართულებაზე მუშაობს“, - კახა ჭუმბურიძე.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება და პროექტის ღირებულება 16 მლნ ლარია.

სფფ-ს პრესსამასხური