სიახლეები

წლის სადებიუტო მატჩი საქართველო - ყაზახეთი დინამო არენაზე [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო შეხვედრას ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართა. ყაზახეთის ნაკრებმა კი „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილე ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია „დინამო არენას“ მედია ცენტრში გამართეს.

ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ერთი კვირის დაკვირვების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან. შედეგის მისაღწევად ყველა პოზიციაზე ბალანსის დაცვაა საჭირო. მოედანზე ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. მოსამზადებელი პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ვიცით რა მიზანი გვაქვს, რისი მიღწევა გვსურს. ყაზახეთთან და სამომავლო ამხანაგურ შეხვედრებში მაქსიმალურად წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ყველა მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია აქვს და ყველას უნდა შემტევი ფეხბურთის თამაში, სხვანაირად თამაშის მოგება ძნელია. მიყვარს თამაშის მიმდინარეობისას ცვლილებები და არ არის გამორიცხული ტაქტიკა უშუალოდ თამაშის დროს შევცვალო. ჩემი მიზანია, რომ სათამაშო სისტემაში ყველა ფეხბურთელს ადგილი მოვუძებნო. კარგია როცა მოთამაშეს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. ჩვენ გვყავს ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი. მათ შეუძლიათ ფლანგზე, თავდამსმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე. იმედი მაქვს იღბლიანი იქნება ის კალამი,რომლითაც ყაზახეთთან მატჩის შემადგენლობას დავწერ. ყაზახეთთან თამაშში შესაძლოა ერთი ან ორი დებიუტანტიც იყოს.

ტალგატ ბაისუფინოვი - ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„საქართველოში ყოფნა სასიამოვნოა. დადებით შედეგს ველოდებით ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა რა იქნება მატჩი გვაჩვენებს. აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები არიან და სერიოზულად ემზადებიან. შევეცდებით ის თამაში ვაჩვენოთ რაც აზერბაიჯანთან იყო. დადებით შედეგზე ვითამაშებთ და გვსურს ჩვენი გუნდის მოქმედებებში ის ბალანსი შევინარჩუნოთ,რომელიც ბოლო ამხანაგურ თამაშში გვქონდა. ამ თამაშისთვის თურქეთში ვემზადებოდით,სადაც მეტოქე შევისწავლეთ და ტაქტიკაზე ვიმუშავეთ. ვიცი თუ როგორი კვალიფიცირებული ფეხბურთელები თამაშობენ საქართველოს ნაკრებში. ბევრი ლეგიონერი გყავთ, რაც მეტყველებს, რომ საქართველო სერიოზული გუნდია. მეტოქიდან გამომდინარე დაბალანსებულად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ.

საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზაცია „დინამო არენას“ სალაროებში მიმდინარეობს და მატჩის დაწყებამდე გაგრძელდება. შეხვედრის ტელე რეპორტაჟს 21 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.



სფფ-ს პრესსამსახური