სიახლეები

ლევან კობიაშვილი : "ვმუშაობთ ფეხბურთის განვითარებისა და მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტზე"

სფფ
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სტადიონის მედია ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კობიაშვილმა და მუჯირმა ზუგდიდში 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„სამწუხაროა, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. მე არ ვსაუბრობ მშობლებსა და იმ ბავშვების ახლობლებზე, ვინც სიტუაციაში სწორად ვერ გაერკვნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს, გიორგი რევაზიშვილს დაუპირისპირდნენ ისეთი ადამიანები, ვინც სტადიონზე ორჯერ არ ყოფილან. ვემიჯნებით მსგავს გამოვლინებებს. ზუგდიდში არსებული აკადემია არ შედის უეფას პროექტში. უეფამ გამოყო კონკრეტული თანხა, რომლითაც ფეხბურთის ფედერაციას ორი ასაკობრივი გუნდი უნდა შეენახა. ამ პროექტის ხელმძღვანელი, ფრანგი ჟან ფრანსუა დომერგია, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ზუგდიდის აკადემიის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა. ფედერაცია აქამდე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და ამბობდა, რომ ზუგდიდის აკადემია იყო თბილისში არსებული აკადემიის ფილიალი, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. უეფას პროექტი, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო, მოიცავს ორი ასაკობრივი გუნდის განვითარებას. შესაბამისად, ზუგდიდის აკადემია არ იყო ამ პროექტის შემადგენლობაში. ეს დაიგეგმა კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ყველაზე მეტად ბავშვები და მათი მშობლები ზარალდებიან. მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ფედერაციის მხრიდან აქამდე არ იყო გავრცელებული სწორი ინფორმაცია. აკადემია არ დაიშლება. დაწყებული გვაქვს მუშაობა რეორგანიზაციაზე, რომელიც მოიცავს რეგიონებში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისა და შემდგომი მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტს,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ზუგდიდის აკადემიასთან არსებულ პრობლემებზე ასევე კომენტარი გააკეთა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა:

„სფფ-ის წინა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციასთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის მმართველ ორგანოს მისი პირადი კომპანიისთვის 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ჩვენ მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ არსებობდა ე.წ. სფფ-ს აკადემიის ფილიალი. რეალურად კი უეფას მხრიდან გამოყოფილი იყო 200 000 ევრო და ეს უნდა დახარჯულიყო ორ ასაკობრივ გუნდზე, რომელიც თბილისში არსებული აკადემიის ბაზაზეა. ფეხბურთის ფედერაცია საკუთარი ხარჯებით შეინახავს თუ არა ზუგდიდის ან სხვა რომელიმე აკადემიას, ეს მთლიანად ფედერაციის პრეროგატივაა“.

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჟან ფრანსუა დომერგი, უეფაში ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გამართა მასთან სამუშაო შეხვედრა, სადაც იქნა განხილული ის ვალდებულებები და დეტალები, რაც არსებობს უეფას აკადემიის პროექტის ფარგლებში.

ჟან-ფრანსუა დომერგი : „უეფას პროექტი საქართველოში წელიწადნახევრისწინ დაიწყო და ორი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებზე ვრცელდება. უეფა ამ პროექტს საქართველოს პარალელურად სომხეთში, მაკედონიასა და ბელარუსში ახორციელებს. პროექტის დაფინანსება ვრცელდება 14 და 15 წლამდე ფეხბურთელებზე. 16 წლამდე ფეხბურთელებისთვისაც აუცილებელია, რომ გაგრძელდეს ვარჯიში და წვრთნა პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ ამას უეფა არ აფინანსებს, რადგან პროექტი, მხოლოდ ორი ასაკობრივი ჯგუფის მხარდაჭერას ითვალისწინებს.ახლა უეფას მიერ დაფინანსებული საფეხბურთო აკადემიის ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობენ. შემდეგ კი ისინი რუსთავში გადაინაცვლებენ, სადაც ახლა აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს“.

სფფ-ს პრესსამსახური