სიახლეები

საიუბილეო მატჩი - ვეტერანები-პოლიტიკოსები 10:9

სფფ
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, დინამო არენაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისა და პოლიტიკოსების მატჩი გაიმართა. ამხანაგური მატჩი ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით 10:9 დასრულდა.ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ოთხი გოლის ავტორი გახდა.პოლიტიკოსთა გუნდიდან სამი გოლი გაიტანა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ. საქართველოს პარლამენტის წევრი მოედანზე 10 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.ვეტერანთა გუნდს გელა კეტაშვილმა უკაპიტნა, მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ კი სამკლაური საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გადაიბარა. პოლიტიკოსთა გუნდის კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე იყო.ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. ჩატარებული მატჩების მიხედვით, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა პოლიტიკოსთა შემადგენლობიდან ვეტერან ფეხბურთელებს ორი გოლი გაუტანა.

მეორე ტაიმში პოლიტიკოსების გუნდში ითამაშეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.მათ გარდა, პოლიტიკოსების გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ზურაბ ზვიადაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, თემურ ჩხაიძემ და დიმიტრი ხუნდაძემ იასპარეზეს. მთავარობის წევრებისა და პარლამენტარების გარდა, პოლიტიკოსების შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს წევრებმა, მანუჩარ მაჩაიძემ და მურთაზ შელიამაც ითამაშეს.

ვეტერანები 10:9 პოლიტიკოსები

გოლები : გიორგი დემეტრაძე (4), დავით ლორთქიფანიძე (3), მიხეილ აშვეთია (3) ლევან კობიაშვილი (2), ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, კახა კაჭარავა, გია გურული, ანზორ ჩუბინიძე, ზაზა სოფრომაძე, ზურაბ ზვიადაური

გაფრთხილება : დავით ლორთქიფანიძემთავარი

მსაჯი : გიორგი ვადაჭკორია

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრეს.

‘’დღევანდელმა მატჩი და 10 დეკემბრის მარათონი წარმატებით ჩატარდა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს წელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილის აღნიშვნის გარეშე არ დასრულებულიყო. მარათონში და დღევანდელ მატჩში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი. ჩვენი მიზანია სტადიონებზე ხალხი დავაბრუნოთ, ასეთი ღონისძიებებით კი ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.‘’- თქვა ლევან კობიაშვილმა.

‘’დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის იუბილეს აღვნიშნავთ და სასიხარულოა ის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც პოლიტიკოსებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შევინარჩუნოთ, რადგან ფეხბურთის შემდგომი განვითარების ერთიანობა აუცილებელია. ის ატმოსფერო და იმედი, რაც 25 წლის წინ დინამოს სტადიონზე სუფევდა უნდა შევძლოთ და დავუბრუნოთ მაყურებელს. ეს თანადგომა და ერთიანობა ვფიქრობ ამის წინაპირობაა.’’ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ვეტერანებისა და პოლიტიკოსების ამხანაგური მატჩი ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ვეტერანებისა და პოლიტიკოსების მატჩს წინ 12 საათიანი საფეხბურთო მარათონი უძღვოდა, რომელიც 10 დეკემბერს ჩატარდა. საფეხბურთო მარათონმა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე მინი სტადიონზე ჩატარდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანა.საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.



სფფ-ს პრესსამსახური