სიახლეები

საფეხბურთო კვირეული - პოლიტიკოსები vs ვეტერანი ფეხბურთელები

სფფ
გაუზიარე
მსოფლიო ფეხბურთის დღეს, 10 დეკემბერს, თბილისში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საფეხბურთო მარათონში გაერთიანდნენ. სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოსთვის უპრეცენდენტო, 12 საათიან საფეხბურთო მარათონში სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები, გოგონა ფეხბურთელები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რიგითი მოქალაქეები და უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრები მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს, წითელი და თეთრი მაისურებით ეჯიბრებოდნენ. 12 საათიანი მარათონის საბოლოო შედეგით 103:97 თეთრების სასარგებლოდ დაფიქსირდა. სასტარტო მატჩში, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთაწმინდის რაიონის გამგეობის გუნდს დაუპირისპირდა, ანგარიში თეთრებმა გახსნეს. გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. სფფ-ს გუნდში ლევან კობიაშვილთან ერთად დავით მუჯირმა, კახი ცხადაძემ, გიორგი ნემსაძემ, გიორგი ჩიხრაძემ, ოთარ ხიზანეიშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა ითამაშეს. მთელი დღის განმავლობაში, მარათონის ფარგლებში ჩატარებულ მატჩებს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. მაყურებლებმა „ფრისთაილ“ მოთამაშეების შოუ და სხვადასხვა გასართობი-მუსიკალური ნომერი იხილეს.

„დასამახსოვრებელი დღეა ყველა იმ ადამინისთვის, ვინც დღევანდელ საფეხბურთო მარათონში მიიღო მონაწილეობა. გვინდა, რომ ასეთი ტურნირები მომავალშიც ხშირად გაიმართოს. ამის თქმის საფუძველს საზოგადოების მხრიდან ტურნირისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი გვაძლევს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მარათონში ჩაერთო და ჩვენი ინიციატივის თანამოაზრე გახდა. დღეს კიდევ ერთხელ ნახა საზოგადოებამ, რომ ფეხბურთი ყველა ადამიანს აერთიანებს და ყველაზე სახალხო სპორტია,“- აღნიშნა 12 საათიანი საფეხბურთო მარათონის შემდეგ სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

„ფეხბურთი საქართველოში არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა. ის ჩვენი კულტურის ნაწილია. ფეხბურთის ფედერაციას ვულოცავ 25 წლის იუბილეს“- ამბობს მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. „არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ფეხბურთი იყო, არის და იქნება ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა. ამას მოწმობს საზოგადოების ინტერესი. ვულოცავ ფეხბურთის ფედერაციას საიუბილეო თარიღს,“ - განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ შესაძლებელი იყო ფეხბურთი ერთ სტადიონზე მეთამაშა კობიაშვილთან, დემეტრაძესთან, მუჯირთან და ცხადაძესთან ერთად. კარგი იქნება, თუკი ასეთი ტურნირიები ხშირად ჩატარდება და მათში გოგონებიც აქტიურად ჩაერთვებიან,“ - ამბობს ნათია სხირტლაძე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი.

სფფ-ს 25 წლის საიუბილეო კვირეულის მორიგი ღონისძიება კვირას, 13 დეკემბერს, დინამო არენაზე გაიმართება. ვეტერანი ფეხბურთელები და პოლიტიკოსები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 14:00 სთ-ზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.

საფეხბურთო მარათონი - ფოტოალბომი

სფფ-ს პრესსამსახური