დღეს, უეფას შტაბ-ბინაში 17 და 19-წლამდე ნაკრებების ელიტრაუნდებისა და 2016/17 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.
წილისყრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი და ნაკრები გუნდების მენეჯერი - გიორგი კაციტაძე.
თავდაპირველად, ელიტრაუნდების წილისყრას შევეხოთ. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ძალზე რთულ ჯგუფში მოხვდა:
ჯგუფი 1
ესპანეთი (მასპინძელი)
ინგლისი
საბერძნეთი
საქართველო
ელიტრაუნდი მომავალ წელს, ესპანეთში, 2016 წლის 24-26-29 მარტს გაიმართება. ჯგუფიდან კი, ერთი საუკეთესო გადის.
რაც შეეხება 17-წლამდე ნაკრებს, ამ შემთხვევაში, ჯგუფის მასპინძელი საქართველოა. მატჩები 2016 წლის 15-17-20 მარტს გაიმართება. ამ შემთხვევაში, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 17-წლამდე ასაკში, იტალიის ნაკრებს პირველად ვხვდებით ოფიციალურ დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი, რუსეთთან ერთ ჯგუფში მოვხვდით.
ჯგუფი 3
რუსეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
იტალია
საქართველო (მასპინძელი)
ახლა 2016/17 წლების სეზონის წილისყრებსაც შევეხოთ. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს (1998 წელს დაბადებულები) წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან 2017 წელს, უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოა. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები პირდაპირ ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
2016/17 წლების სეზონის 17-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპს კი, 2000 წელს დაბადებულთა ნაკრები ითამაშებს 2016 წლის შემოდგომაზე - 28-30 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს.
ჯგუფი 2
საქართველო
შვედეთი
ფინეთი
ბულგარეთი
ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა ფინეთი იქნება.
სფფ-ის პრესსამსახური