სიახლეები

U19 - ვასილ მაისურაძის ტურნირისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია

გაუზიარე

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ და ნაკრების კაპიტანმა - გურამ გოშთელიანმა ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ვასილ მაისურაძე: „შეკრება ეროვნული ჩემპიონატის 7 ნოემბრის ტურის შემდეგ დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ოთხი დღე ცოტაა შეკრებისთვის, თუმცა, რაც ამ პერიოდში შევძელით, ყველაფერი გავაკეთეთ.

ნაკრების შემადგენლობა ოპტიმალურია. თუმცა, ჩვენთვის დიდი დანაკლისია გიორგი ბერიძის არყოფნა, რომელიც ბელგიიდან ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.

რაც შეეხება მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, ამ ბიჭმა ნამდვილად დაიმსახურა 19-წლამდე ნაკრებში გამოძახება, რადგან ძალიან კარგად ჩაატარა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები.

სათამაშო სქემაზე რამდენჯერმე მკითხეს და ახლაც ვიტყვი, რომ ვცდილობთ გადავიდეთ ეროვნული ნაკრების სათამაშო სისტემაზე. ამისთვის, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ კახა ცხადაძესთან და მალე, ყველა ნაკრები ერთი სქემით ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის ფავორიტობაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ტურნირების წინ ამას არასდროს ვამბობ. უელსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ, პირველი მატჩების შემდეგ გამოჩნდება ბევრი რამ.“

გურამ გოშთელიანი (ნაკრების კაპიტანი): „მთელი გუნდი მონდომებული და მობილიზებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად გავიდეთ ელიტრაუნდში. მე კაპიტანი ვარ და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.“

19-წლამდე ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა კი, ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა „საბურთალო“), ლუკა ლოჩოშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ახალაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), შერმადინ ართმელაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („შახტარი“, უკრაინა), ბექა მიქელთაძე („დინამო“ თბილისი),  გურამ გოშთელიანი („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“ თბილისი)

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

სფფ-ის პრესსამსახური