სიახლეები

კიდევ ერთ დებიუტანტი ესტონეთთან მატჩში [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ფიფას რეიტინგის 90-ე ნაკრებს ტალინში რამდენიმე საათში დაუპირისპირდება. ესტონეთთან და ალბანეთთან შეხვედრამდე  გუნდში კიდევ  ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქვეყნის პირველ გუნდს ტალინის „ფლორას“ მოთამაშე ზაქარია ბეგლარიშვილი შეურთდა. კახა ცხადაძემ ესტონეთის ჩემპიონის დამატება დღეს გადაწყვიტა. მიზეზი თორნიკე ოქრიაშვილის პირადი ოჯახური მდგომარეობა გახდა,რომელმაც ტალინში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ეროვნული გუნდის უახლოეს ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში კვლავ ს.კ. „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ზაქარია ბეგლარიშვილმა და ასევე  „დინამო თბილისის“ წევრმა გიორგი გველესიანმა. ტალინში იმყოფება კიდევ ერთი დებიუტანტი „ფრაიბურგის“ წევრი, 21 წლის ლუკას ჰუფნაგელი. გერმანული კლუბის წევრმა დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ,რომ აქ ვიმყოფები საქართველოს ნაკრებთან ერთად. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში მისი ნაწილი გავხდები და შევძლებ ნაკრების დახმარებას“. - ამბობს ლუკას ჰუფნაგელი.

ზაქარია ბეგლარიშვილი : დილით ფლორას ვარჯიშზე ვიყავი, როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ ჩემი ამბავი გავიგე. ძალიან გამეხარდა და მოტივირებული ვარ. მინდა მწვრთნელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ნაკრებში თამშის შანსი მომცეს. ვფიქრობ კარგი მატჩი იქნება, ესტონეთს ბოლო პერიოდში მომატებული აქვს, კარგი, კომპაქტური გუნდია და საინტერესო თამაში გამოვა. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია. ბოლო პერიოდში ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს, შეიცვალა გუნდის ბირთვიც, მაგრამ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ვფიქრობ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უპირატესობა ჩვენ გვექნება.

ოთარ კაკაბაძე :
მეორე დღეა, რაც ტალინში ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშია, ვეცდებით რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

10 ნოემბრის საწვრთნელი პროცესი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ესტონეთთან გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობა:

მეკარეები : გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები : გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი),  გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი გველესიანი („დინამო თბილისი“, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები : ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“,  ლვოვი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი („ფრაიბურგი“, გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ტალინი, ესტონეთი)

თავდამსხმელები : მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

კვიპროსის „ომონიას“ წევრი უჩა ლობჟანიძე ეროვნულ ნაკრებს 12 ნოემბერს ტირანაში შეურთდება და გუნდთან ერთად ალბანეთთან მატჩისთვის მოემზადება. ესტონეთისა და საქართველოს მატჩი ტალინის ცენტრალურ სტადიონზე,სადაც ადგილობრივი „ფლორა“ თამაშობს, 11 ნოემბერს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.



კიდევ ერთ დებიუტანტი ესტონეთთან მატჩში - ფოტოალბომი

სფფ-ის პრესსამსახური, ტალინი, ესტონეთი