სიახლეები

ამხანაგური მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში

სფფ
გაუზიარე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით არასრულწლოვნთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრაში ახალგაზრდა მსჯავრდებულები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. მათ შორის - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, რევაზ ჯაველიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალგაზრდებს სპეციალური თასი გადასცა. სტუმრებმა კი მოზარდებს  ავტოგრაფებიანი ბურთები  აჩუქეს და მათთან ერთად ისადილეს.

ლევან კობიაშვილი : „ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ასეთ შეხვედრებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და რიგითი მოქალაქე მოხარული ვარ,რომ დღეს ამ თამაშის მონაწილე ვარ. ღონისძიება ამჯერად სპორტის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და მომავალში ფეხბურთის ფედერაცია ასეთ პროექტებში აუცილებლად აქტიურად ჩაერთვება. ვისურვებდი. რომ ეს ახალგაზრდები მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. თითოეული მოქალაქე ჩართული უნდა იყოს ამ ახალგაზრდების საზოგადოებაში დაბრუნების პროცესში“.

კახი კახიშვილი :
"ბავშვებს შევპირდით, რომ იქნებოდა აუცილებლად მატჩი ვარსკვლავების მონაწილეობით. გუნდები მოემზადნენ და ეს მატჩიც ჩატარდა. ასეთი სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიზნის მისაღწევად, რომ მეტი მოტივაციით გავიდეს აქედან ადამიანი და საკუთარი თავი დაიმკვიდროს. ეს პროგრამები ემსახურება მათ რესოციალიზაციას".

ტარიელ ხეჩიკაშვილი : "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ამ ახალგაზრდების რესოციალიზაცია უმნიშვნელოვანესია. ორი კვირის წინ შევხვდით ამ ბავშვებს და შევპირდით, რომ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მათთან მატჩს გავმართავდით. შემდგომშიც გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას და შევძლებთ, რომ საზოგადოებაში დაბრუნდნენ როგორც წარმატებული მოქალაქეები"