სიახლეები

შეხვედრა პირველი ლიგის კლუბებთან ლიცენზირების საკითხებზე

სფფ
გაუზიარე

28 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ საკონფერენციო დარბაზში პირველი ლიგის კლუბებთან, ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა 2016/2017წწ. სეზონის ლიცენზირების პროცესში იმ კლუბების დროულად ჩართვას, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გადასვლის პოტენციური კანდიდატები არიან.

შეხვედრას სფფ-ის მხრიდან ესწრებოდნენ: პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი, ლიცენზირების განყოფილების უფროსი - ბაქარ ჟორდანია, იურიდიული სამსახურის უფროსი - კესო ჩხიკვაძე და პირველი ლიგის ორგანიზატორი - რევაზ შენგელია.

დამსწრე კლუბებს განემარტათ ლიცენზირების მიზნები, ძირითადი პრინციპები, სისტემის სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიცენზირების გრაფიკით დადგენილი საბოლოო ვადების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე, რაც მანამდე წერილობით დაეგზავნა უამაღლესი და პირველი ლიგების ყველა კლუბს.

კერძოდ, პირველ რიგში, პირველი ლიგის კლუბებმა, რომლებსაც სურთ 2016/2017წწ. ლიცენზირების პროცესის გავლა 2015 წლის 10 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ თანხმობა ლიცენზირების პროცესში მონაწილეობაზე. კლუბები, რომლებიც აღნიშნულ ვადაში არ მოახდენენ თანხმობის დეკლარირებას, ვერ გაივლიან ლიცენზირების პროცესს - შესაბამისად, ვერ აიღებენ ეროვნულ ლიცენზიას 2016/2017წწ. უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. საფეხბურთო საზოგადოებას ეცნობება ლიცენზირების პროცესში მონაწილე პირველი ლიგის კლუბების შესახებ, სფფ-ის საინფორმაციო საშუალებებით.

რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, მათთვის განისაზღვრა შემდეგი ვადები:

15.12.2015:

-         ზოგადი საკითხები და ლიცენზიის მაძიებლის დადგენა (ე.წ. „3(2) წლის წესი“)

-         სამართლებრივი კრიტერიუმები

-         აუდიტორის შერჩევა და ანგარიშგების პერიმეტრის განსაზღვრა

12.02.2016:

-         საკადრო-ადმინისტრაციული კრიტერიუმები

10.03.2016:

-         სპორტული კრიტერიუმები

-         ინფრასტრუქტურული კრიტერიუმები

-         ფინანსური კრიტერიუმები

(გრაფიკში ცვლილებების შემთხვევაში, კლუბები დროულად იქნებიან ინფორმირებული)

სფფ-ის პრეზიდენტმა დააფიქსირა სრული მხარდაჭერა ლიცენზირების პროცესის სამართლიანად და სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად და იმედია, კლუბები სათანადო სერიოზულობით მიუდგებიან ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხს.

სფფ-ის ლიცენზირების ადმინისტრაცია