სიახლეები

უეფას სტუმრები გორში გოგონების ვარჯიშს დაესწრნენ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობის შემდეგ უეფა–ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს–სალასარ ჰევიტი და უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ემილი შოუ, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გორს ესტუმრნენ. 

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გორელებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი ჩამოუტანეს. მიგვიანებით კი სტუმრებთან ერთად გოგონათა საწვრთნელ შეკრებას დაესწრენ. პატარა გოგონების ვარჯიშს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილიც დაესწრო, რომელსაც ქალთა გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

„ქალთა გუნდთან მქონდა მუშაობის შანსი. გოგონები, რომლებიც პროფესიად ფეხბურთს ირჩევენ, საკმაოდ მოტივირებულები არიან. მივესალმები თუკი საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩამპიონატი გაიმართება“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.

დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში სასკოლო ასაკი 120 გოგონა ფეხბურთელია რეგისტრირებული. 

„გორში უეფას სტუმრების ვიზიტი ჩვენი ქალაქისთვის დიდი წარმატებაა. ეს სტიმულია თითოეული გოგონა ფეხბურთელისთვის, რადგან მათ ქართულ ფეხბურთში წვლილი შეიტანონ. იმედს ვიტოვებ, რომ შიდა ქართლში, ფეხბურთელ გოგონათა რიცხვი მალე უფრო გაიზრდება,“ – ამბობს გიორგი რევაზიშვილი, შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

„გორში ჩვენ ჩამოვედით, რათა ვნახოთ რამდენად არიან კონკრეტულ რეგიონში გოგონები ფეხბურთით დაინტერესებულნი. აქაურ მაგალითზე ვხედავთ, რომ ქალთა ფეხბურთის ფედერაცია „გრასრუტსის“ პროგრამის, ფარგლებში პატარა გოგონებისთვის ბევრს აკეთებს, რათა თქვენს ქვეყანაში ფეხბურთი, ქალთა შორისაც განვითარდეს. ისინი აძლევენ შანს გოგონებს ითამაშონ თამაში, რომელიც ძალიან უყვართ“, – ამბობს ემილი შოუ.

„საქართველოში მეორედ ვარ. პირველად ზაფხულში ვიყავი ჩამოსული, რომლის დროსაც უეფას მხრიდან საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების დასახმარებლად მზადყოფნა განვაცხადეთ. სწორედ, მაშინ დაიგეგმა, რომ საქართველოში ყველა პრობლემის ახლოს გასაცნობად და მიზანიმართული გეგმების დასასახად კიდევ რამდენჯერმე ჩამოვიდოდით. გორს ვესტუმრეთ, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ რა ხდება რეგიონებში. როგორი ენთუზიაზმია და რა ვითარებაა ამ მხრივ ქალთა ფეხბურთში“, – ამბობს  პრისილა სალასარ იანსონსი.

გორში  მნიშვნელოვანი მისიით ვიმყოფებით. გვაქვს ერთობლივი გეგმები, რადგან ქალთა ფეხბურთმა უფრო მყარად გაიდგას ფესვები რეგიონებსი და განვითარდეს. დღის წესრიგში მოსანახულებელი ბევრი რეგიონია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ყველგან მისვლა და ნახვა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია“ – ამბობს ნინო სორდია, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

გოგონათა ვარჯიშს დაესწრნენ უეფას წარმომადგენლები თბილისშიც, 35–ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე. ე.წ. „მარაკანაზე“ 2000, 2001 წლებში დაბადებულ გოგონებთან ერთად საწვრთნელ პროცესში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა და ორი მოთამაშე ნათია სხირტლაძე და მარიამ დანელიაც მონაწილეობდნენ.

უეფას წარმომამადგენლები საქართველოში კიდევ ერთ დღეს დარჩებიან. მომდევნო ვიზიტის დროს კი, რომელიც 2016 წელს შედგება, უფრო კონკრეტული სამუშაო გეგმით ეწვევიან თბილისს.

სფფ–ის პრესსამსახური