სიახლეები

ერთი ნაბიჯი ელიტრაუნდამდე - 17-წლამდელებმა რუმინელებს სძლიეს

გაუზიარე

უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 3:0 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

პირველ მატჩში, სლოვაკეთთან განცდილი დასანანი მარცხის (3:4) შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სრული კონცენტრაცია და მობილიზება შეძლეს და პირველ შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთის მძლეველ რუმინელებს დამაჯერებლად მოუგეს.

ანგარიში 24-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. ტაიმის ბოლომდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კიდევ ჰქონდათ.

მეორე ტაიმში, ანგარიში ორამდე გიორგი ჩაკვეტაძემ გაზარდა. 64-ე წუთზე კი, რუმინეთის ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა - მცველმა დიმამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

რუმინელი მცველის გაძევებიდან ოთხ წუთში კი, ნიკა ნინუამ ანგარიში უფრო სოლიდური გახადა - 3:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ფრე - 1:1 ითამაშეს და ამჟამად, ჯგუფში ლიდერი 4 ქულით სლოვაკეთის ნაკრებია. 3-3 ქულა აქვთ საქართველოსა და რუმინეთს. თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. მხოლოდ ერთი ქულა აქვს უნგრეთის გუნდს.

გადამწყვეტი კი, ბოლო მატჩები იქნება და გაირკვევა იმ ორი გუნდის ვინაობა, ვინც 2016 წლის გაზაფხულზე ელიტრაუნდში იასპარეზებს.

რუმინეთიU17 vs საქართველოU17 0:3 (0:1) ეჩშ

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი (კაპ), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 74), ქავთარაძე (ქიმერიძე 63), ნიკოლეიშვილი, სპანდერაშვილი, ქაფიანიძე (კასრელიშვილი 71), ხარაბაძე, კუცია, ნინუა

მთ.მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

გოლები: სპანდერაშვილი (24), ჩაკვეტაძე (44), ნინუა (68)

გაფრთხილება: ქიმერიძე

ხვალ და ზეგ გუნდები დაისვენებენ. 29 ოქტომბერს კი, საქართველოს ნაკრები უნგრეთის 17-წლამდელებს დაუპირისპირდება. 

სფფ-ის პრესსამსახური