სიახლეები

კახა ცხადაძე : ჩვენი მიზანი მინიმუმ მესამე ადგილი იქნება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის, პრესკონფერეცია გაიმართა. ეროვნული გუნდის თავკაცმა განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპი შეაფასა და ჟურნალისტებს სამოვავლო გეგმებზეც ესაუბრა. 

"რაც ყველაზე მთავარია ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და მათ სჯერათ, რომ შოტლანდიის მსაგვსი ნაკრებების დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონთან ტოლსწორად თამაში სავსებით შესაძლებელია. ახლა მთავარია, ფეხბურთელებს ქართული სენი არ შეეყაროთ და მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ.

ჩემი თავკაცობით გამართული პირველი ორი შეხვედრა ცოტათი ქაოტური იყო და ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგანაც ახალი შეკრებილი ვიყავით, ამას დაემატა ის, რომ სათამაშო სტრატეგიაც შეიცვალა და ფეხბურთელებს დრო სჭირდებოდათ ახალი სქემის ასათვისებლად. ნაკრების თამაშის გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა ავსტრიულმა შეკრებამ, სადაც ძალიან სასარგებლო ტესტ მატჩი გავმართეთ უკრაინას. ჩვენ საკმაოდ მაღალი დონის მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა პოლონეთთან, რომელიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო წუთებში მომხდარმა ყველაფერი გადაფარა. ამ თამაშის შედეგს საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები მე დავუშვი. შოტლანდიას გასამრთი საშინაო მატჩის წინ ყველას ქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო, ეს ფეხბურთელებმაც ირწუმენს და შედეგად საშუალო დონის ევროპული ნაკრები ლამაზ სტილში დავამარცხეთ. იმ მატჩში ყველა კომპონენტში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. დადებითად შევაფასებდი დუბლინში გამართულ შეხვედრასაც, მაგრამ იქ დაღლილობამ იჩინა თავი და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ირლანდიაში გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა ისიც, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების შეცვლა ძალიან გვიჭირს და სელექცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება გიბრალტართან საშინაო შეხვედრას, ვიცოდით, რომ მეტოქე დიდი ანგარიშით უნდა დაგვემარცხებინა. ჩვენ ეს ისე შევძელით, რომ გერმანიასთან მატჩის წინ ენერგიაც დავზოგეთ. ლაიფციგში გამართული შეხვედრა კი, ჩემი აზრით ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. მატჩის დასაწყისში მეტოქეს კოლოსალური უპირატესობა ქონდა და ჩვენს კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თამაშის დასტაბილურება მოახერხა და მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. 

მაღლა უკვე მოგახსენეთ, რომ სელექცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დასაკარგი ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს. რამდენიმე დღის წინათ უკრაინაში ვიმყოფებოდი სადაც იქ მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელის თამაშს დავაკვირდი და პირადადაც გავესაუბრე. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თემურ ფარცვანიას, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ჩვენ ჯერ-ჯერობით მის გამოძახებას არ ვაპირებთ, მაგრამ მისი პოზიციიდან გამომდინარე მას აუცილებლად გამოვიყენებთ. იგივეს თქმა შემიძლია ჯაბა ლიპარტიაზეც, რომელიც დღევანდელ სათამაშო სქემაში ვერ ჩაჯდება, მაგრამ ჩვენ ვამუშავებთ სხვა უფრო შემტევ ტაქტიკასაც სადაც ჯაბა აუცილებლად დაგვჭირდება. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეროვნული გუნდის მიზანი ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იქნება. ამის თაობაზე მე ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასაც შევხვდი, სადაც მრავალ საკითხთან ერთად ფეხბურთელების ფინანსური მოტივაციის საკითხიც განვიხილეთ. ვფიქრობ, ამ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება საკმაოდ კარგი შედეგი იქნება და ეს ფინანსურად მოტივირებული უნდა იყოს. ამასთან ერთად ამხანაგური მატჩების საკითხიც განვიხილეთ და გაირკვა, რომ 11 ნოემბერს ტალინში ესტონეთს დავუპირისპირდებით, მეორე სპარინგზე კი, ჯერჯერობით მოლაპრაკებები მიმდინარეობს. ჩვენი სურვილია, რომ მაისის თვეში ავსტრიაში 10 დღიანი შეკრება გავიაროთ, ამ პერიოდისთვის იქ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს ბევრი კარგი გუნდი გაივლის და კარგი იქნება ორ ამხანაგურ შეხვედრას ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თუ გავმართავთ. 

რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება თუ თამაშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გავმართავთ, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე ორივე გუნდისთვის კომფორტული საცხოვრებელი, სავარჯიშო და სათამაშო გარემო იყოს შექმნილი."

სფფ-ის პრესსამსახური