სიახლეები

გოლები: ყაზაიშვილი, ვაწაძე, კვეკვესკირი, გელაშვილი

გაუზიარე

არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ჩემპიონატში დიდი ანგარიშით მოიგო, კერძოდ, ზვოლესთან სტუმრად 5:1. ვაკო ყაზაიშვილმა ერთი გოლი გაიტანა, 44-ე წუთზე გუნდისთვის რიგით მესამე. რაც შეეხება გურამ კაშიას, მან საგოლე პასი მიითვალა. კაპიტანმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო კი 74-ე წუთზე შეცვალეს. 

ვიტესი მეხუთე ადგილზეა და მესამეადგილოსან პსვ-ს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. კაშიას და ყაზაიშვილს ამ სეზონში 3-3 გოლი აქვთ გატანილი. 

დანიაში მათე ვაწაძემ გაიტანა. მისმა ორჰუსმა შინ 3:0 სძლია ნორდსიელანდს და ცხრილის შუაში, მეშვიდე ადგილზეა. ვაწაძემ 87 წუთი ითამაშა, გოლი კი პირველი ტაიმის ბოლოს შეაგდო. 11 მატჩი, 5 გოლი – ასეთია მათეს სტატისტიკა ამ სეზონში. რაც შეეხება ორჰუსის მეორე ქართველ დავით სხირტლაძეს, ის განაცხადში არ ყოფილა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ინტერმა სუმგაითში ფრედ, 1:1 ითამაშა. ინტერიდან გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, 36-ე წუთზე მან შორეული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ინტერი მეოთხე ადგილზეა, კვეკვესკირისთვის კი ეს პირველი გოლია აზერბაიჯანის ჩემპიონატში, თუმცა ორი გოლი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მიითვალა. 

კვიპროსზე პაფოსმა შინ 3:0 დაამარცხა აშნა. ანგარიში ნიკა გელაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა მე-20 წუთზე, ხოლო ბოლო გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. პაფოსში როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, გელაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი 75-ეზე შევიდა მინდორზე და მცირე დროში მოახერხა გატანა. 

აშნაში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ელგუჯას ძმამ, შოთა გრიგალაშვილმა. ბექა ტუღუში კი სათადარიგოებში დარჩა. პაფოსი და აშნა ცხრილის შუაში, მეშვიდე და მერვე ადგილზე არიან. 

მეოთხე ადგილზე მყოფმა ომონიამ სტუმრად 1:0 იმარჯვა ერმისთან. უჩა ლობჟანიძე განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია. 

საბერძნეთში გიორგი მერებაშვილის ვერიამ შინ ატრომიტოსთან 0:1 წააგო და მეათე ადგილზეა. მერებაშვილი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას მიხალოვცემ შინ სკალიცას 3:1 მოუგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილამდე აინაცვლა. ხუბუტიამ 90 წუთი ითამაშა. 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლიდერმა ფრაიბურგმა შინ ფიურტს 5:1 აჯობა და ლუკას ჰუფნაგელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ფრაიბურგის 21 წლის ნახევარმცველი მე-80 წუთამდე იყო მინდორზე, თუმცა გატანილ გოლებში მონაწილეობა არ მიუღია. 

ფრაიბურგის საპირისპირო “პოლუსზეა” დუისბურგი, ანუ ბოლო ადგილზეა. დუისბურგელებმა ჰაიდენჰაიმთან გასვლაზე 0:1 წააგეს. გიორგი ჭანტურიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, ხოლო ლაშა დვალი განაცხადში არ ყოფილა – შეუძლოდ გახლდათ, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 

ფინეთში ირაკლი სირბილაძის კუპს-მა გასვლაზე 1:2 წააგო როვანიემისთან და მერვეზეა. სირბილაძემ 79 წუთი ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.  ფინეთშივე, კტპ-მ ვპს-თან 1:1 დაასრულა და ბოლოსწინა პოზიციაზეა. კტპ-ის მცველი ოსიტაშვილი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ. 

რუსეთში მოსკოვის სპარტაკმა დერბიში 1:2 წააგო ლოკომოტივთან და მეოთხე ადგილზა. ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყო, რადგან ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებს გუნდთან ერთად მზადებას. კრილია-ტერეკი 0:2 დასრულდა. მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია გიორგი ლორიას. ტერეკის მცველი თედო გრიგალაშვილი კი განაცხადს მიღმა დარჩა. ტერეკი მეხუთე ადგილზეა, კრილია კი მერვეზე. 

უკრაინაში ოდესის ჩერნომორეცმა შინ 5:2 მოუგო ზაპოროჟიეს მეტალურგს და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ჩერნომორეცში დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადში არ ყოფილა.

ოლექსანდრია-ვოლინი 3:1 დასრულდა. ოლექსანდრიაში დავით თარგამაძემ 73 წუთი ითამაშა და საგოლე კომბინაციაც მან დაიწყო, ხოლო ვოლინში სანდრო კობახიძე შეუცვლელად გაისარჯა. ვოლინი მეხუთე ადგილზეა, ხოლო თარგამაძის გუნდი მერვეზე. 

დასასრულს, მკითხველს ალბათ დააინტერესებს ცნობა იტალიიდან: ემპოლის 19 წლამდელთა გუნდმა საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა ნაპოლი. მასპინძელთა შორის გაიბრწყინა ქართველმა ფორვარდმა რომან ჭანტურიამ ვინც ორი გოლი თავად გაიტანა და აქტივში ერთი საგოლე პასიც მიითვალა. 

ილია ნანობაშვილი