სიახლეები

ლეგიონი შაბათს: ბევრი უქმობა და ერთი გოლი

გაუზიარე

საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავას არ უთამაშია, რადგან გაფრთხილებები დაუგროვდა. კანკავას გარეშე, რეიმსმა შინ 0:1 წააგო კაენთან და მეშვიდე ადგილზეა. ეს რეიმსის პირველი საშინაო მარცხი იყო მიმდონარე სეზონში. 

ჩეხეთში სლავიამ იაბლონეცთან სტუმრად 0:0 ითამაშა. სლავიას ქართველი შემტევი ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა, რისი მიზეზიც კოჭის ტრავმაა. ლევანის გუნდი მეხუთე საფეხურზეა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ყენიას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა: 25 წლისა გახდა. 

ბელგიაშიც იუქმეს ქართველებმა. გენკმა ვაასლანდ-ბევერენს სტუმრად 1:0 აჯობა, განაცხადში კი არც თორნიკე ოქრიაშვილი ყოფილა და არც ლუკა ზარანდია. გენკი მესამე ადგილზეა. 

ალბანეთში გავიდა ქართული გოლი და მისი ავტორი ბაჩანა ცხადაძეა. ფლამურტარი 71-ე წუთამდე აგებდა ტირანასთან და ბაჩანამ გაათანაბრა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1. ფლამურტარი ათ გუნდს შორის მეშვიდე ადგილზეა. გოლი ასე გავიდა: მარჯვნიდან ჩააწოდეს და ცხადაძემ დასწრებაზე, ახლოდან ფეხით გაიტანა. ფლამურტარიში ცხადაძემაც შეუცვლელად ითამაშა და გიორგი ფოფხაძემაც. ბაჩანასთვის ეს მესამე გოლია სეზონში და ეს ექვს მატჩში მოახერხა.   

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ანორთოსისმა შინ 6:0 გაანადგურა აელ ლიმასოლი და კვლავაც ლიდერობს ცხრილში. 

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას სტაბეკმა შინ ოლესუნდთან 1:4 წააგო და მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ერთი ქულითღა უსწრებს უახლოეს მდევარს. წინ კიდევ სამი ტურია. ნორვეგიაში ჩემპიონის ვინაობა თითქმის გარკვეულია – რუსენბორგი რვაქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გოროზიამ ოლესუნდთან ბოლო 7 წუთი ითამაშა.

ესტონეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა ზაქარია ბეგლარიშვილი. მისმა ფლორამ სტუმრად 3:1 დაამარცხა ნარვა და ფინიშამდე სამი ტურით ადრე, ექვსი ქულით უსწრებს ლევადიას. ბეგლარიშვილმა 73 წუთი ითამაშა და ერთი საგოლე პასი გაახერხა. 

რუსულ პრემიერლიგაში სოლომონ კვირკველიას რუბინმა უფას 3:1 აჯობა და ბოლოდან მეხუთ ადგილზეა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.