სიახლეები

დუისბურგის მწვრთნელი სიცხეს უჩივის, ლეტიერმა, ესტონეთთან დვალი რატომ ათამაშეთო

გაუზიარე

გერმანული დუისბურგის იტალიელმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერმა ორიოდ დღის წინ თავისი გუნდის ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია ქათინაურებით აავსო, მერე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმებსა და მწვრთნელებს მოსდგა, აქაოდა ლაშა დვალი ესტონეთთან შესარჩევ მატჩში სიცხიანი როგორ ათამაშესო... მოგეხსენებათ, ლაშა დვალიც დუისბურგის ფეხბურთელია, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია:

”დვალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმებმა ის ესტონელებთან ანტიბიოტიკებით ათამაშეს, ხოლო მწვრთნელება საკუთარ თავზე მეტი იფიქრეს, ვიდრე ფეხბურთელზე და მის კლუბზე. საქმისადმი ასეთი მიდგომა ფეხბურთელის მდგომარეობას საფრთხეში აგდებს. ესტონეთთან თამაშის შემდეგ ლაშა დვალის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და კლუბში სიცხიანი დაბრუნდა”, _ უთხრა გერმანელ ჟურნალისტებს ჯინო ლეტიერმა, ვისი გაწვრთნილი გუნდიც გუშინ სეზონში მერვედ დამარცხდა, ამჯერად სტუმრად, ჰაიდენჰაიმთან.

ლეტიერის სიტყვების საპასუხოდ საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის თანაშემწე გელა ინალიშვილს დავუკავშირდით:

“დიახ, ლაშა დვალს ესტონეთთან შესარჩევი მატჩის წინა დღეს სიცხე ჰქონდა, თუმცა ანტიბიოტიკები არ მიუღია. მატჩამდე კი პირადად ვესაუბრე ფეხბურთელს, ვკითხე თავს როგორ გრძნობდა, შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებს გამოვკითხეთ. ყველაფერი კარგად იყო, დვალმა თავად მითხრა, რომ თამაშს შეძლებდა და არაფერი ხელს არ შეუშლიდა. თამაშის დილასMმას ტემპერატურა აღარ ჰქონდა, თანაც ფეხბურთელმაც გვითხრა, რომ სათამაშოდ მზად იყო, მით უმეტეს ლაშა დვალი ნაკრებს სჭირდებოდა”, _ განაცხადა ახალაგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწემ. 

ისე, უცნაური კია დიუსბურგის მწვრთნელის ჯინო ლეტიერის განცხადება და მით უმეტეს, როცა ამბობს, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა ფეხბურთელის კლუბზე არ ფიქრობსო... ნუთუ ისეც ცხადი და ლოგიკური არ არის, ალექსანდრე ჩივაძემ და მისმა შტაბმა საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წარმატებაზე იფიქროს, ვიდრე დუისბურგზე და კიდევ იმ საფრთხეზე, რომელიც დუისბურგს ემუქრება _ ემანდ გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან არ გავარდეს და ამიტომაც მის ფეხბურთელს გავუფრთხილდები და ნაკრებში არ ვათამაშებო?! გელა ინალიშვილის სიტყვების არ იყოს, თუ ეს მცველი ნაკრებს სჭირდებოდა, დვალს ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უწყობდა და მით უმეტეს, თავად მას გამოუთქვამს თამაშის სურვილი, გაუგებარია, რატომ უნდა დაესვენებინა ის მწვრთნელს...

ამგვარ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს, სჯობს ჯინო ლეტიერმა თავის საქმეს მიხედოს და თავის გუნდს მოგება ასწავლოს, რომელიც დუისბურგს მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ერთხელ უგემია, ისიც გიორგი ჭანტურიას გოლის შემდეგ...ისიც სათქმელია, რომ დუისბურგმა ლაშა ჯერჯერობით სულ 30 წუთით, შეცვლაზე გამოიყენა ბრაუნშვაიგთან 0:5 დამარცხებულ შეხვედრაში. დვალი მუდმივადა ხვდება 18 კაციან განაცხადში, მაგრამ ლეტიერს ის ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში არ დაუყენებია. ამგვარად, რჩება შთაბეჭდილება, რომ დუსიბურგის თავკაცი იქ არ ეძებს პრობლემას, სადაც საჭიროა.

შეგახსენებთ, ლეტიერის პრეტენზია უკავშირდება ევროპის 2017 წლის შესარჩევ მატჩს, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი 3:0 დაამარცხა.

ლუკა თალაკვაძე