სიახლეები

საბურთალომ ხასიათი გამოავლინა, წინ მიდტიულანდია...

გაუზიარე
16 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხი. 200 მაყურებელი

საბურთალო-საპოვნელა 2:1

1:0 იაშვილი (58), 1:1 ბუხაიძე (84), 2:1 გოშთელიანი (90)

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი (ვაჭარაძე 80), თოთაძე, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, სოფრომაძე (ფანცულაია 51), გვარაძე (რუხაძე 76), ალთუნაშვილი, ხორხელი, გოშთელიანი

სათადარიგოები: სანიკიძე, ნიკოლაშვილი, კოხრეიძე

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი (აბესაძე 67), რობაქიძე, შალამბერიძე, ბანძელაძე, შუღლაძე (მურადაშვილი 53), ამბროლაძე, მაკარიძე (ზეინკლიშვილი 64), ტყეშელაშვილი, ბუხაიძე, ენდელაძე

სათადარიგოები: მაკარიძე, კახათელიძე, ბუცხრიკიძე

მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გაფრთხილება: ბანძელაძე (28), ბიძინაშვილი (31), შალამბერიძე (43), თოთაძე (87)

მსაჯი: ჯენერ ხორავა

მერვე ტურმა სტარტი პარასკევს აიღო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ უმაღლესი ლიგის დებიუტანტები საბურთალო და საპოვნელა. როგორც იცით, საბურთალოს 21 ოქტომბერს დანიურ მიდტიულანდთან სწორედ მიხეილ მესხზე ელის ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა და სწორედ ამიტომაც ეს თამაში ვაკეში შედგა და არა საბურთალოსთვის მშობლიურ ბენდელაზე. თბილისელთა მწვრთნელს სურდა მის ფეხბურთელებს დანიელებთან მატჩის წინ ვაკის სარბიელის მინდორი მოესინჯათ. მასპინძლებს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები Hჰქონდათ: წინა ტურში ფეხი მოიტეხა და გუნდს სულ კარგა ხანს ვერ დაეხმრება გამოცდილი ფორვარდი ჯაბა დვალი, ასევე კვლავ ვერ ახერხებს თამაშს გიორგი ხარაიშვილი, ხოლო ცენტრალური მცველი გუგა მარგველაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა ამ თამაშს მის არყოფნაში დაცვაში გადაინაცვლა ლადო მამუჩაშვილმა და ცენტრში ლაშა თოთაძეს შეუწყვილდა. 

პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა აქტივშია, პირველსავე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა გიორგი ბუხაიძე თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში უკვე თოთაძემ გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან. მასპინძელთაგან ყველაზე რეალური მომენტი კი გურამ გოშთელიანს შეექმნა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ სტუმრები მეკარე გიორგაძეს აკრობატულმა ნახტომმა იხსნა. მთლიანობაში პირველმა ტაიმმა ვერ ვიტყვით, რომ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა, სამაგიეროდ მეორე ტაიმი გაცილებით კარგი სანახავი იყო.

საბურთალო თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში სოფრომაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა და ამ მომენტში ტრავმაც მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. თანდათანობით საბურთალოს უპირატესობა იზრდებოდა, ჯერ ჩიბრაძის გადაცემის  შემდეგ ალთუნაშვილმა ვერ დაიმორჩილა ბურთი, თორემ აშკარა საგოლე მომენტი შეიქმნებოდა. ხორხელის გადაცემის შემდეგ გოშთელიანმა კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. იაშვილის ჩაწოდების შემდეგ გვარაძეს მართებდა გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა, ბიძინაშვილმა ხარიხას გაარტყა და საბოლოოდ ასეთი უპირატესობა გოლით დასრულდა ნოდარ იაშვილის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული აუღებელი გამოდგა და საბურთალოც დაწინაურდა.

ამის შემდეგ, ბუნებრივია, საპოვნელამ სცადა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და გარკვეულ უპირატესობასაც დაეუფლა. საბურთალო გარკვეულწილად აირია. რაც ცოტა არ იყოს, გასაკვირი იყო, რადგან გია ჭიაბრიშვილის გუნდი ყოველთვის ცდილობს გამართული ფეხბურთის თამაშს, განურჩევლად მეტოქისა და ანგარიშისა. პარასკევს გუნდი ერტ მონაკვეთში აირია და ქაოსური თამაში გაჩაღდა. საბოლოოდ თერჯოლელთა მცდელობა ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა. გიორგი ბუხაიძემ მატჩის დამთავრებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ახლო მანძილიდან ზუსტი თავურით გაათანაბრა.

გაშვებულმა გოლმა საბურთალოს ახალგაზრდული შემადგენლობა ვერ გატეხა რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ წმინდა საფეხბურთო ასპექტების გარდა, გუნდი ფსიქოლოგიური მზადყოფნის კუთხითაც ვითარდება. მასპინძლები ბოლო წუთებში გამუდმებით უტევდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ დროში გურამ გოშთელიანმა საბურთალოს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მარჯვენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთზე გურამმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და ერთი შეხებით აიღო მეტოქის კარი. 2:1 თბილისელთა სასარგებლოდ.

ახლა კი საბურთალოს მიდტიულანდთან ელის განმეორებითი შეხვედრა და მიუხედავად ორბურთიანი ჰანდიკაპისა (პირველი თამაში მიდტიულანდმა 3:1 მოიგო) ჭიაბრისვილის ბიჭებს უთუოდ აქვთ იმის რესურსი, რომ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საპოვნელამ კი პარასკევს დაამტკიცა, რომ მასთან იოლი გასეირნება არავის ექნება.    

პაატა ძნელაძე